გიორგი მარგველაშვილმა სვეტიცხოვლობა ახალწვეულებს მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოსიაური საწვრთნელ ბაზას ესტუმრა და სვეტიცხოვლობის დღესასწაული კურსანტებს მიულოცა. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ახალწვეულებს გაესაუბრა, მათ საცხოვრებელ და საწვრთნელ პირობებს ადგილზე გაეცნო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გიორგი მარგველაშვილს საწვრთნელი ბაზა პირადად დაათვალიერებინა და კურსის უშუალო ხელმძღვანელებთან ერთად მას სასწავლო პროგრამა გააცნო.
“მინდა ყველას მივულოცო სვეტიცხოვლობა, გისურვოთ ჯანმრთელობა და ბედნიერება. დღეს ჩვენ ოსიაურის საწვრთნელ ცენტრს ვესტუმრეთ და ეს დღე წვევამდელებთან ერთად ვიზეიმეთ. ბაზა ძალიან კარგ მდგომარეობაშია, ახალწვეულები კი, რომლებიც სულ რაღაც ერთი კვირაა დაიწყეს სამხედრო სამსახური, არიან მხნედ. ჩვენ დიდი იმედით ვუყურებთ მომავალს”, – აღნიშნა სახელმწიფოს უმაღლესმა მთავრსარდალმა.
ქვეყნის პირველმა პირმა საწვრთნელი ცენტრის სამლოცველოს სვეტიცხოვლის ჭედური ხატი უსახსოვრა, ხოლო თითოეულ კურსანტს სასაჩუქრე “ვეფხისტყაოსანი” გადასცა.
ოსიაურის საწვრთნელ ბაზაზე საშემოდგომო გაწვევის წვევამდელები პირველად მომზადებას გადიან. ამ დროისათვის, ბაზაზე 469 ახალწვეული იმყოფება, რომლებიც 21-დღიანი სწავლების შემდეგ აღმოსავლეთ და დასავლეთ ოპერატიული დეპარტამენტების სხვადასხვა ბრიგადებში გადანაწილდებიან და სამხედრო სავალდებულო წესით, შეიარაღებულ ძალებში 12 თვის განმავლობაში იმსახურებენ.
„ახალგაზრდა სამხედროებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, ემსახურონ ქვეყანას, ძალიან მნიშვნელოვანია უმაღლესი მთავარასრდლის სტუმრობა. ჯერ მხოლოდ ერთი კვირაა, რაც სამხედრო სამსახურში იმყოფებიან, თუმცა დიდი შემართებით არიან. რაც მთავარია, ადაპტაციის პირველი პერიოდი გავლილი აქვთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ამ 469 სამხედრო მოსამსახურეს შორის არიან აზერბაიჯანელები, სომხები, უკრაინელები, რუსები. ასე რომ, მეტად მრავალეროვანი შევსება მივიღეთ. თან მნიშვნელოვანია ის, რომ აქ იგრძნობა ერთგულება და სამშობლოს სიყვარული“, – აღნიშნა გენერალ მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები