მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე თურქმენეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციაში – „მშვიდობისა და ნდობის წელი: საერთაშორისო ქმედებების განვითარება ბავშვებისთვის“, მონაწილეობს.

კონფერენციაზე მინისტრი სიტყვით გამოვიდა. მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და მიღწევების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბავშვთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ჯანდაცვის მინისტრმა, ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის სტრატეგიის მიმართულებითა და სოციალური პროგრამების განხორციელების კუთხით.

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის და მიზნობრივი, ვერტიკალური პროგრამების მეშვეობით, მნიშვნელოვნად გავაფართოვეთ დედათა, ახალშობილთა და ბავშვთა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც მოიცავს ანტენატალურ, პერინატალურ და პოსტნატალურ მოვლას, იმუნიზაციასა და ადრეულ სკრინინგს, ამასთან, შემცირდა ფინანსური ბარიერები ოჯახებისთვის. ამ ყოვლისმომცველი და ინტეგრირებული მიდგომის შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია: ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ერთი წლის ასაკის ბავშვთა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 55%-ით შემცირდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) რათა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ჯანდაცვა და უსაფრთხო გარემო ბავშვებისთვის.

„იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან (JICA) პარტნიორობით, ვახორციელებთ ტექნიკური თანამშრომლობის პროექტს, რომლის მიზანია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმძღვანელოს დანერგვა. ეს ხელს უწყობს ქალებს აქტიურად ჩაერთონ საკუთარი და შვილების მოვლაში ორსულობიდან ბავშვის ადრეულ განვითარებამდე“, – განაცხადა მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძემ, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ კეთილდღეობასთან დაკავშირებული ინიციატივების ეფექტიანობას.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები