თენგიზ შარმანაშვილი – გილაურს უბრძანეს, ეს თანხები გადაისროლოს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამას ახლა ქმედებებიც მოჰყვება

„ვიღაცები ამბობდნენ, „ფარა“ 40-იან წლებში მიიღეს და იმის შემდეგ მკვდარი დოკუმენტია, მე და თქვენც კი იქიდან ვიგებთ ანტიქართული საქმიანობის შესახებ,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გილაურს უბრძანეს, თანხები გადაისროლოს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამას ახლა ქმედებებიც მოჰყვება.

„როდესაც რაღაცას ვამბობთ ხალხს ჰგონია, რომ ეს ჩვენი პარტიული პროპაგანდაა. როდესაც ვამბობთ, რომ ეს ხალხი აგენტურაა ამას ტყუილად კი არ ვამბობთ, ეს ამბები ჰაერზე კი არ არის მოტანილი. დირექტივა როდესაც მოუვათ ისე იქცევიან, როგორც უნდა მოიქცნენ აგენტები ასეთ ვითარებაში. ნიკა გილაურს შეიძლება შინაგანად უნდოდა სხვა ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ უთხრეს, შენ ახლა ამას გააკეთებ, ამ ფულს საქართველოს საწინააღმდეგო პროპაგანდაში დახარჯავ. ნახეთ, ეს თანხა რა საქმიანობაში უნდა დაიხარჯოს. უნდა დაიხარჯოს პროპაგანდაში, უცხოურ პოლიტიკოსებთან ურთიერთობაში, სენატორები და სხვა პოლიტიკოსები ისე უნდა იპოვონ, რომ ანტიქართული საქმიანობა აწარმოონ. ეს არის მთავარი უბედურება, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ. „ფარა“ კარგი ამიტომაა. ვიღაცები ამბობდნენ, რომ „ფარა“ თურმე 40-იან წლებში მიიღეს და იმის შემდეგ მკვდარი დოკუმენტია. მკვდარი დოკუმენტია? არაფერ მკვდარ საქმიანობას არ ეწევა. მე და თქვენც კი იქიდან ვიგებთ ანტიქართული საქმიანობის შესახებ. გილაურს უბრძანეს, ეს თანხები გადაისროლოს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ამას ახლა ქმედებებიც მოჰყვება. ეს ხომ პირველად არ ხდება, ასეთი ლობისტური საქმიანობის მომსწრეები ხომ ყველა ჩვენგანი წლიდან წლამდე ვართ, რომელიც ისევ „ფარას“ მეშვეობით ხდება ხოლმე ჩვენთვის ცნობილი“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანიამ 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები