თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებული გელა უძილაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ, გელა უძილაურის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
პროკურატურა ბრალდებულისთვის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი, მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, თუმცა, სასამართლოს ალტერნატივის სახით გირაოს შესთავაზებს.
ადვოკატ მარიამ ტაბატაძის თქმით, „საქმის მასალების მიხედვით, ფაქტების და ინფორმაციის ერთობლიობა არ იძლევა იმის საფუძველს, აღკვეთის რომელიმე ღონისძიება მოითხოვონ”.
ცნობისთვის, შემთხვევა 2025 წლის 14 მარტს 23:30 საათზე თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს, გია ჩადუნელს. მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გელა უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 – დან 20 წლამდე, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.