მახაშვილი – ოპოზიციაზე: ყველაფრის პასუხი იქნება, თუ ისინი მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და რეალურად გამოჩნდება, საზოგადოებაში მათ რა მხარდაჭერა აქვთ

“საბოლოოდ, ჩვენი აზრით, მაინც ყველაფრის პასუხი იქნება, თუ ისინი მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და რეალურად გამოჩნდება, საზოგადოებაში მათ რა მხარდაჭერა აქვთ”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მან კომენტარი გააკეთა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის პოსტზე, სადაც ჯაფარიძე აღნიშნავს: „დროის გასვლასთან ერთად, ქვეყანაში დარჩება ბრძოლის სულ უფრო ნაკლები რესურსი, დრო ჩვენზე არ მუშაობს და ამიტომ რუსთაველი ყოველდღე არის უმნიშვნელოვანესი“.

„ეს განცხადება არ მინახავს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. რამდენიმეთვიანი მცდელობის მიუხედავად, შიგნით, თუ გარეთ გაეჩინათ კითხვები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, ფაქტია, რომ ამან არ იმუშავა და დარჩათ მხოლოდ რამდენიმე სახელმწიფოღა, რომლის უკან კიდევ ერთხელ დგანან ის ძალები, რომლებიც თავის დროზე, ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად, ამ ქსელის მონაწილე იყვნენ. მათი რამდენიმე ხელისუფლების გარდა, აღარ დარჩა რეალური რესურსი და ფაქტია, იმასაც ვხედავთ, რომ ყოველდღიურად ეცლებათ ყველა ის ინსტრუმენტი, რაც მანამდე ჰქონდათ. ამიტომ არ მიკვირს ეს განცხადებები, ერთგვარი დეპრესიული განცხადებები, რომ აგერ არმაგედონი გვემუქრება.

საბოლოოდ, ჩვენი აზრით, მაინც ყველაფრის პასუხი იქნება, თუ ისინი მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და რეალურად გამოჩნდება საზოგადოებაში, მათ რა მხარდაჭერა აქვთ. ბევრი მოვისმინეთ ხმამაღალი, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები საზოგადოების მხარდაჭერაზე და ა.შ. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია საქართველოში, რომ პოლიტიკაში წარმოადგენს რაიმეს და წარმოადგენს საქართველოს მოსახლეობის რომელიმე სეგმენტის ინტერესს, ყველაფერზე ლეგიტიმური პასუხი იქნება არჩევნებში მონაწილეობა და ამით დანახვება მოსახლეობისთვისაც, რომ ისინი რეალურად წარმოადგენენ მათ ინტერესებს“, – აღნიშნა მახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები