დავით შავლიაშვილი იტალიის ელჩს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფედერიკა ფავის შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარების შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მინისტრმა და დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ფედერიკა ფავის თქმით, იტალიური სამშენებლო კომპანიები აქტიურად მონაწილეობენ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კარგი იქნება, თუ იტალიური კომპანიების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება არა მხოლოდ საგზაო სფეროში, არამედ ინფრასტრუქტურის სხვა დარგებშიც.
ფედერიკა ფავიმ მინისტრს თავისი იდეაც გააცნო, რომელიც საქართველოს შესახებ იტალიაში პრეზენტაციის გამართვას შეეხება. იტალიის ელჩის ინიციატივა გულისხმობს საქართველოს ბიზნესსექტორისა და დარგობრივი სამინისტროების წარმომადგენლების მიერ ქვეყნის პოტენციალისა და შესაძლებლობების იტალიისთვის გაცნობას.
დავით შავლიაშვილმა ინიციატივა მოიწონა და აღნიშნა, რომ სამინისტრო, თავის მხრივ, მზად არის ორგანიზება გაუკეთოს შეხვედრას იტალიური კომპანიებისათვის, რომელზეც ისინი უახლოეს მომავალში დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები