ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს
“ტყის მდგრადი მართვა აჭარაში” – ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში, აჭარის სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე, საუბარი შეეხო 2021 წელს ტყის კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, საქართველოს ტყეების მართვასა და სარგებლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 31 დეკემბერს უქმდება შეშის და ხის მასალის გაცემის არსებული სისტემა და ამოქმედდება ახალი სისტემა.
“ახალი სისტემის მიხედვით, აჭარის ტყეებში ხე-ტყის დამზადების ყველა ოპერაციას აჭარის სატყეო სააგენტო განახორციელებს:
▪️ სააგენტო შეისყიდის მანქანა-დანადგარებს და დაიქირავებს ხის საჭრელებს, ტრაქტორისა და სატვირთო მანქანების მძღოლებს.
▪️ სააგენტო სპეციალურად აშენებულ ეზოებში გადაიტანს შეშასა და ხის მასალას, საიდანაც მოსახლეობას შეშის მიღება შეეძლება ახალი ხე-ტყის სარგებლობის ბილეთით.
▪️ სააგენტო გასცემს შეშას სხვადასხვა ფორმით – ახლად მოჭრილი, დაჩეხილი, გამომშრალი და ა.შ.
▪️ სააგენტო ასევე აპირებს შეშის გაცემას მაღალმთიანი სოფლების ტყის მიმდებარე ტერიტორიიდან (დროებითი დასაწყობების ადგილებიდან), სადაც მეტად ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისათვის და მინიმუმამდე დაიყვანოს მანძილი, რომლის გავლაც მოსახლეობას შეშის მოსაპოვებლად მოუწევთ.
აჭარაში სულ იგეგმება 12 საქმიანი ეზოს მოწყობა. დამატებით ასევე მოეწყობა დროებითი დასაწყობების ადგილები ტყეების მახლობლად.
რეფორმის ფარგლებში, აჭარის სატყეო სააგენტო დაასაქმებს ხე-ტყის დამზადების პროცესში ჩართულ ინდივიდებს. თანამშრომლების დაქირავება მოხდება სააგენტოს შიდა განაწესში განსაზღვრული პროცედურების დაცვით. დაქირავებული თანამშრომლები გაივლიან სავალდებულო ტრენინგებს უსაფრთხოების დაცვის კუთხით და იქნებიან შესაბამისად აღჭურვილები.
პროექტის მიხედვით სამუშაო ეზოები იქნება მარტივად მისადგომი გზიდან. შეშის შეძენის პროცედურა იქნება მარტივი და მოქნილი. ოჯახებს შეეძლებათ ადგილზე, საქმიან ეზოში, გადაიხადონ საფასური, გადახდა იწარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით. ნაღდი ანგარიშსწორება შესაძლებელი იქნება ბანკებში. ასევე, მუნიციპალიტეტებში ხელმისაწვდომი იქნება გადახდის აპარატები.
პროექტით დაგეგმილი აქტივობების მიხედვით აჭარის სატყეო სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ტყეების მართვის სათანადო გეგმების შემუშავება და ახალი პროცედურების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს:
▪️ ტყის ბიომრავალფეროვნების და მასთან დაკავშირებული სახეობების, ეკოსისტემების და ლანდშაფტების მაღალი კონსერვაციული ღირებულებების შენარჩუნებას;
▪️ კლიმატის ცვლილების მომატებული ზემოქმედების ფონზე ტყეების დაცვას მავნებელი დაავადებებისაგან, უცხო წარმოშობის ინვაზიური სახეობების გავრცელებისგან და ტყის ხანძრებისგან, ეკონომიკურად, ეკოლოგიურად ან სოციალურად არასასურველი ზემოქმედებისგან;
▪️ მთის ტყეების ნიადაგდაცვითი, წყალშემნახავი და წყალმარეგულირებელი ფუნქციების და საარსებო გარემოს ეკოლოგიური სტაბილურობის შენარჩუნებას;
▪️ ჰაერის, მტკნარი წყლის, ნაყოფიერი ნიადაგების, მერქნითი და არამერქნითი რესურსების შენარჩუნებას აწმყო და მომავალი თაობების საჭიროებებისათვის და ეკოსისტემური სერვისების უწყვეტი მიწოდებისთვის.
პროექტის ფარგლებში ნებისმიერი შენიშვნა ან საჩივარი კერძო ან იურიდიული პირისგან პროექტის გუნდს შეიძლება მიეწოდოს სიტყვიერად ან წერილობით (ფოსტით ან ელ. ფოსტით), ან სპეციალური საჩივრის ფორმის შევსებით. საჩივრის ფორმა ხელმისაწვდომია აჭარის სატყეო სააგენტოს ყველა ოფისში და ასევე ადგილობრივი ადმინისტრაციის ოფისებში. სამუშაო ეზოების გამართვის შემდგომ ადგილზე განთავსებული იქნება საჩივრის ყუთები სადაც მოთავსებული იქნება საჩივრის ფორმები და ყველა მსურველს შეეძლება იქვე შეავსოს და დალუქულ ყუთში მოათავსოს შესაბამისი საჩივარი. სამუშაო ეზოების მშენებლობის და ოპერირების გარშემო ნებისმიერი საჩივარი საბოლოოდ დარეგისტრირდება აჭარის სატყეო სააგენტოს კანცელარიაში და გადამისამართდება შესაბამის სამსახურებთან. საჩივრების განხილვა და დაკმაყოფილება მოხდება ერთი თვის განმავლობაში. მომჩივანს გაეგზავნება შუალედური წერილი საქმის გაჭიანურების შემთხვევაში.
პროექტის ფარგლებში, პროექტის ყველა ეტაპზე, ჩატარდება საჯარო საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან. შეხვედრების შესახებ ინფორმაცია განთავსდება ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ ოფისებში და აჭარის სატყეო სააგენტოს მუნიციპალურ წარმომადგენლობებში. სამუშაო საათების განმავლობაში ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია პროექტის შესახებ მათთვის სასურველი ინფორმაციის მიღება აჭარის სატყეო სააგენტოს ოფისებში”,- წერია ინფორმაციაში.