არჩილ კაიკაციშვილი: პრეზიდენტს მხრიდან საკუთარი ცოლის ძმის შეწყალება გაუმართლებელია
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, რომ პრეზიდენტმა რამდენიმე პატიმარი შერჩევითი მეთოდით შეიწყალა, არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი “კვირასთან“ ეხმაურება.
კაიკაციშვილი იმ სამართლებრივ მექანიზმებზე და პროცედურებზე აკეთებს აქცენტს, რომლებზე დაყრდნობითაც პრეზიდენტმა ამა თუ იმ პატიმრის შეწყალების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე ფიქრობს, რომ შეწყალების აქტის შედეგად გამოწვეულ უსიამოვნებებში პასუხისმგებლობა მხოლოდ პრეზიდენტს არ უნდა დაეკისროს. მისი თქმით, შეწყალების კომისია, რომელიც დეტალურად განიხილავს შესაწყალებელი პატიმრების ბიოგრაფიას და შემდეგ პრეზიდენტის წინაშე რეკომენდაციით წარდგება, ვალდებულია მაქსიმალურად გაცხრილოს ისეთი პატიმრები, რომლებიც დიდი ალბათობით კვლავ საფრთხეს შეუქმნიან საზოგადოებას. თუმცა კაიკაციშვილის თქმით, ეს ფაქტორი პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღების პროცესში გულგრილობის საფუძველს არ აძლევს. მისი თქმით, ქვეყნის პირველ პირს აქვს თვითრეგულაციის საშუალება და იმისი განსაზღვრის უფლება, რამდენად იმსახურებს ან არ იმსახურებს ესა თუ ის პატიმარი შეწყალებას.
“შეწყალების კომისიას აქვს ექსკლუზიური უფლებამოსილება იმისა, რომ სასჯელაღსრულების სისტემიდან გამოითხოვოს პატიმრის საქმეები, შეისწავლოს ისინი, შეაფასოს ამ პატიმრის ქცევის ხარისხი საპყრობილეში. კომისიამ უნდა განსაზღვროს საფრთხეები, საზოგადოებისთვის რამდენად საშიში ან მისაღები შეიძლება იყოს ამა თუ იმ პირის თავისუფლებაში ყოფნა. როცა პრეზიდენტს კომისიის მიერ მომზადებული სია წარედგინება, ქვეყნის პირველი პირი ვალდებულია დეტალურად გაეცნოს ამ პატიმრებზე მომზადებულ რეკომენდაციებს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს – შეიწყალოს ან დაბლოკოს მსჯავრდებული. რამდენად სიღრმისეულად დაინტერესდება პრეზიდენტი ამ პროცესში, ეს მისი პირადი პასუხისმგებლობისა და ინტერესის საკითხია. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ვიცნობდეთ სტატისტიკას, ასევე გვქონდეს ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს შეწყალებულების რესოციალიზაცია“, – განუცხადა “კვირას“ არჩილ კაიკაციშვილმა.
კაიკაციშვილი პრეზიდენტის მხრიდან საკუთარი ცოლისძმის შეწყალების გადაწყვეტილებას ნაწილობრივ გაუმართლებელს უწოდებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტს საზოგადოებაში ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნისგან და მანიპულაციებისგან თავი უნდა აერიდებინა და ცოლისძმა არ უნდა შეეწყალებინა.
“ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარეს არ ჰგონია, რომ შეწყალების კომისია პატიმრებებზე რეკომენდაციებს შერჩევითი გზით ამზადებს.თუმცა, მისი თქმით, საქმეების შესწავლისას კიდევ უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო, რათა ოქროპირიძის შემთხვევაში მომხდარი არ განმეორდეს.
“მიმაჩნია, რომ შეწყალების კომისიაში შერჩევითი მიდგომა არ არსებობს,მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე მეტად საშიში მსჯავრდებულის შეწყალება მოხდა, ეს არ არის ტრაგედია, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი“, – აღნიშნა კაიკაციშვილმა.