უნდა ჩამოერთვას თუ არა პრეზიდენტს შეწყალების უფლება?- ნუკრი ქანთარიას პოზიცია
არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებას, რომ გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებისათვის გასამართლებული პირები შეიწყალა ,“კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტარი ნუკრი ქანთარია გამოეხმაურა.
უმრავლესობის წევრის თქმით, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ შეწყალების კომისია კომპეტენტური წევრებისგან არის დაკომპლექტებული.
ქანთარიას თქმით, თუ რა მოტივით მოხდა განზრახ მკვლელობისთვის გასამართლებული 2 პირისთვის სასჯელის განახევრება, ამ კითხვით მედიამ არა მას, არამედ შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს ზვიად ქორიძეს უნდა მიმართოს.
“არსებობს შეწყალების კომისია, რომელთა წევრებიც და თავმჯდომარეც, ჩემი აზრით, საკმაოდ კომპეტენტურები არიან. არ ვფიქრობ, რომ ისინი, ან პრეზიდენტი შერჩევით მეთოდს მიმართავდნენ. იმედი მაქვს, რომ შესაწყალებელი პატიმრების ბიოგრაფიას კომისია და პრეზიდენტი ინდივიდუალურად განიხილავდა და ისე გამოიტანდნენ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებას, რომ უმჯობესია შეწყალების ექსკლუზიური უფლება პრეზიდენტს ჩამოერთვას და მთავრობას გადაეცეს, ქანთარია არ იზიარებს.
“ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგი იქნება. პრეზიდენტს არ აქვს ისეთი გადატვირთული გრაფიკი, რომ ეს ფუნქცია ჩემოერთვას და მთავრობას გადაეცეს“, – განაცხადა ნუკრი ქანთარამ.
“უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გიორგი მარგველაშვილს პატიმართა შერჩევით შეწყალებაში ადანაშაულებს. როგორც ნიკოლოზ მჟავანაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა განზრახ მკველობაში ბრალდებულ 2 პირს სასჯელი გაუნახევრა, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა, ისევ ისეთ ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, როგორც ოქროპირიძის გათავისუფლებამ მიგვიყვანა.