ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოები განახლდება

თბილისის მერია ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად ამჟამად გამოცხადებულია ტენდერები, რის შემდეგაც უკვე დაიწყება ამ სახლების გამაგრება-გაძლიერება. მათივე ცნობით, პროგრამა შეეხება უკიდურესად ავარიულ მდგომარეობაში მყოფ მრავალსართულიან, მრავალბინიან კორპუსებს, რომელიც გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს. ჯამში, მიმდინარე წელს 46 ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები დაიწყება. „აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისის წინა ხელისუფლების მიერ ავარიული სახლების გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებზე გამოცხადებული 12 ტენდერიდან ახალ ადმინისტრაციას 9 ტენდერის შეწყვეტა მოუხდა, ვინაიდან ტენდერი შემსრულებელ კომპანიებს, პრაქტიკულად, არანაირ მოთხოვნებს არ უყენებდა. ეს კი, საერთო ჯამში, უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს, არაეფექტურად დახარჯულ საბიუჯეტო სახსრებსა და მოსახლეობის უკმაყოფილებას გამოიწვევდა“, – აცხადებენ მერიაში. მატივე ცნობით, სატენდერო კომისიამ ხელშეკრულების პირობებში მეტი სიცხადის, მხარეთა ვალდებულებების მკაფიოდ განსაზღვრისა და პროექტების მართვის გაუმჯობესების მიზნით, სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ: 1. გაიზარდა კომპანიის მხრიდან ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია, რაც შესრულებული სამუშაოს ხარისხს აამაღლებს;

2. კომპანიამ უნდა წარმოადგინოს შესასრულებელ სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი;

3. დაიხვეწა საჯარიმო სანქციების ფორმა, ოდენობა და გადახდის ვადები;

4. კომპანიები ვალდებულნი გახდნენ, სამუშაოთა შესრულების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, წარმოადგინონ საექსპერტო დასკვნა;

5. გაიზარდა მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი საბანკო გარანტიის ოდენობა;

6. დაიხვეწა ანგარიშსწორების პირობები;

7. სამუშაოთა შესრულების დროს შემსრულებელი ვალდებული გახდა, მასალების გამოცდისათვის საჭირო სპეციალიზებულ ლაბორატორიაში ჩაატაროს გამოყენებული ძირითადი მასალების ხარისხის ყველა საკონტროლო გამოცდა; ამასთან, შემსრულებელმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნული ლაბორატორიული დასკვნები;

„ზემოაღნიშნული ცლილებების შესაბამისად, გადაიხედა და დაიხვეწა ყველა ტენდერის ტექნიკური დავალება. შეწყვეტილი ტენდერებიდან დღეისათვის განმეორებით გამოცხადებულია 3 ტენდერი 8 ავარიული სახლის გამაგრება-გაძლიერების სამუშაოებზე. მომდევნო კვირას დამატებით გამოცხადდება 5 ტენდერი 15 ავარიულ სახლზე, ხოლო დანარჩენი შეწყვეტილი ტენდერები 13 ავარიულ სახლზე თვის ბოლომდე განმეორებით გამოცხადდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება“, – განმარტავენ თბილისის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები