„კახეთში რთვლიდან მიღებული შემოსავალი 157 მილიონამდე ლარს შეადგენს“
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ რთვლის მიმდინარეობა შეაფასა.
მინისტრის თქმით, კახეთში რთვლიდან მიღებული შემოსავალი 157 მილიონამდე ლარს შეადგენს.
მისივე თქმით, სახელმწიფო ფასების საკითხში, ბუნებრივია, ვერ ჩაერევა.
“კახეთში რთველი შეფერეხებების გარეშე მიმდინარეობს, თუ არ ჩავთვლით კომუნიკაციის იმ ელემენტარულ პრობლემებს, რომელიც, ძირითადად, გამოწვეული იყო პროცედურების არცოდნით, ან გაუთვალისწინებლობით. რაც შეეხება ფასებს, რქაწითელზე მინიმალური ფასი არის ერთი ლარი. საფერავზე იყო ძალიან დიდი ფასი, არავინ არ ელოდა ასეთ ფასებს, რამაც გარკვეულწილად გულისწყვეტა გამოიწვია იმ კუთხით, რომ ვიღაცამ მეტად ჩააბარა, ვიღაცამ ნაკლებად”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
მინისტრის ინფორმაციით, რაჭაში მოსავალი დაახლოებით 700-800 ტონამდე იქნება. მინისტრის თქმით, 11 ოქტომბერს ისინი გაემგზავრებიან რაჭაში და ადგილზე გაეცნობიან რთვლის მიმდინარეობას.