“ხომ გვიმტკიცებენ, 300 ათასი ხმა გაყალბდაო, 300 ხმის გაყალბების რაიმე ელემენტარული მტკიცებულება დადონ, მივიდნენ და უთხრან პროკურატურას, რატომ უმალავენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძე პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა.
„მოვისმინე პროკურატურის დღევანდელი ბრიფინგი. მეც ვუერთდები ბრალდების მხარეს, პროკურატურას, რომ ვინმეს თუკი რაიმე ერთი ფაქტი აქვს გაყალბებასთან დაკავშირებით, 300 ათასზე კი არ არის საუბარი, 300 ხმის გაყალბება როგორ მოხდა, მივიდნენ და უთხრან პროკურატურას, რატომ უმალავენ. 300 ათასი ხმა გაყალბდაო, ხომ გვიმტკიცებენ, 300 ათასის კი არა, 300 ხმის გაყალბების რაიმე ელემენტარული მტკიცებულება დადონ. ეს რატომ არის იცით მნიშვნელოვანი. ხალხი გამოდის და იძახის, რომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს. გავიგეთ, რომ თავისი აზრი აქვთ მათ და „ნაცმა“ დაარწმუნა ამაში, თუ სხვა გარემოებამ, რატომ ითხოვ ახალ არჩევნებს, 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დადე და მერე მოითხოვე, კი ბატონო, მაგრამ ამას რომ ვერ აკეთებ, რას ითხოვ. თქვენც მოითხოვეთ სხვა რაღაც და არგუმენტების გარეშე რაღაცების მოთხოვნას ექნება საფუძველი და უნდა დააკმაყოფილოს რომელიმე ქვეყნის რომელიმე ხელისუფლებამ? 300 ხმის გაყალბების მტკიცებულება დაიდოს და მერე ვილაპარაკოთ ახალ არჩევნებზე“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას.