ვლადიმერ ბოჟაძე: როცა ბიზნესი მართლა გასაფიცი იყო, როცა კეტავდნენ, ართმევდნენ, არეკეტებდნენ, ბიზნესებს იფორმებდნენ, მაშინ რატომ არცერთი ბიზნესმენი არ გაიფიცა და არ გამოთქვა პრეტენზია

„დღევანდელ გაფიცვაზე დამსაქმებლებმა დასაქმებულებს გაფიცვა აიძულეს. საკუთარ თანამშრომლებს მოსთხოვეს გაფიცვა“, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ბოჟაძემ, განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ბიზნესს გასაფიცი არაფერი აქვს. მათ არავინ შეხებია.

„ბიზნესს გაფიცვის მიზეზი რა აქვს? როცა ბიზნესი მართლა გასაფიცი იყო, როცა კეტავდნენ, ართმევდნენ, არეკეტებდნენ, ბიზნესებს იფორმებდნენ, ასეულობით ათას და მილიონობით ლარს „ნებაყოფლობით“ ჩუქნიდა სახელმწიფოს, მაშინ რატომ არცერთი ბიზნესმენი არ გაიფიცა და არ გამოთქვა პრეტენზია?! რომ მოდით ხალხო, მე რომ მჩაგრავენ ქვეყანამ მაინც გაიგოს და სხვას აღარ შეეხონო. დღეს რა აქვს ბიზნესს გასაფიცი? რამე პრობლემა შეუქმნა ვინმემ ბიზნესს? ეს ხომ ის კომპანიები არიან, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებულები მამუკა ხაზარაძესთან, იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც ღიად თუ ფარულად ოპოზიციაში არიან, ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში არიან, ღიად აფინანსებენ ოპოზიციურ პარტიებს. ვინმე მათ შეეხო? სულ ვიხსენებ 2009 წლის აქციებს, როცა ჩვენ საკნები ერთ-ერთმა კომპანიამ დაგვიმზადა. 2 დღის შემდეგ მივედით და კომპანია კი არ დაგვხვდა დაჯარიმებული ან დაყადაღებული, საერთოდ საწარმო აღარ არსებობდა, მიწასთან იყო გასწორებული. არაერთი ადამიანი მაშინ პოლიტიკურ დევნას რატომ განიცდიდა?! იმიტომ, რომ გაბედა და ოპოზიცია დააფინანსა, მხარი დაუჭირა. დღეს ხომ ეს ასე აღარ ხდება. ვის ეფიცებიან? სადაზღვევო კომპანია ვის გაეფიცა? ვინც დააზღვია იმას? მაშინ გადაწყვეტენ ეს ადამიანები სხვა დროს დაეზღვიონ თუ არა იმ კომპანიაში. იმავე ეხება სხვა მნიშვნელოვან კომპანიებს, რომლებიც თან გაიფიცნენ და თან აღმოჩნდა, რომ მაინც აგრძელებდნენ ფუნქციონირებას. დიახ, ბიზნესმა ფუნქციონირება უნდა გააგრძელოს, ეს ხომ პოლიტიკური მდგენელია. როდესაც ადამიანი დგახარ და ითხოვ რიგგარეშე არჩევნებს და ამბობ, რომ მე ოპოზიციის მხარდამჭერი არ ვარო, აბა, თუ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ხარ, მანდ რა გინდა? მოიგე არჩევნები, შენი არჩეული ვარ, შენი არჩეულია პარლამენტი, პრეზიდენტი და გააგრძელე შენი საქმიანობა. აქაც რა ტიპის გაფიცვასთან გვქონდა საქმე, რომ როცა დამსაქმებლებმა აიძულეს დასაქმებულებს გაფიცულიყვნენ. საკუთარ თანამშრომლებს მოსთხოვეს გაფიცვა. თანამშრომელი რომ სთხოვდეს დამსაქმებელს გაფიცვას მისი უფლებების დასაცავად ან რაიმე სხვა უფლებისთვის ეს გასაგებია, მაგრამ პირიქით არ ვიცი. ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური აქტი იყო. ნებისმიერი კომპანია, რომელიც დღეს გაიფიცა, ალბათ მომხმარებელი მათდამი დამოკიდებულებას გადახედავს“,- აღნიშნა ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები