UNICEF – გასულ წელს საქართველოს მოსახლეობის 4% და ბავშვთა 6% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა

გასულ წელს საქართველოს მოსახლეობის 4% და ბავშვთა 6% კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა,
სიღარიბის მაჩვენებლების ზოგადი კლების ფონზე, ბავშვთა ეროვნული სიღარიბე 25%-დან 27%-მდე გაიზარდა.
აღნიშნული მაჩვენებლები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დასახელდა, სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) სოციალური პროგრამების ხელმძღვანელს თინათინ ბაუმს მოუსმინეს.
გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საშუალო თვიური შემოსავალი ერთ ექვივალენტურ ზრდასრულზე 2011-დან 2013 წლამდე 44%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო თვიური მოხმარება – 25% -ით. ასევე გაიზარდა სოციალური პოლიტიკის ორი ძირითადი ინსტრუმენტის – პენსიისა და მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამების ბიუჯეტები. გაიზარდა ორივე პროგრამის სარგებელიც – პენსიები 80-125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა, ხოლო მიზნობრივი სოციალური დახმარების სარგებელი გაორმაგდა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მიუხედავად პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციებისა და სოციალური პოლიტიკის ინტერვენციებისა, 2013 წელს საქართველოს მოსახლეობის 4% და ბავშვთა 6% კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, ხოლო სიღარიბის მაჩვენებლების ზოგადი კლების ფონზე ბავშვთა ეროვნული სიღარიბე 25%-დან 27%-მდე გაიზარდა. თინათინ ბაუმის ინფორმაციით, ეროვნული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ უბავშვო ოჯახების 16.5%, ხოლო ბავშვიანი ოჯახების 26%-ია, თუმცა მიზნობრივ სოციალურ დახმარებას უფრო ნაკლები ბავშვიანი ოჯახი იღებს, ვიდრე უბავშვო. მომხსენებელმა სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებს ის კონკრეტული რეკომენდაციები გააცნო, რომლებიც ბავშვთა სიღარიბის დაძლევას ისახავს მიზნად. თინათინ ბაუმის განცხადებით, იმისთვის, რომ ბავშვებსა და მოსახლეობას შორის სიღარიბის მაჩვენებელი გათანაბრდეს, აუცილებელია, გაჩნდეს ფულადი დანამატი ოჯახში თითოეულ ბავშვზე. “აქედან გამომდინარე, “სტანდარტ +” და “5 დონიანი +” იქნებოდა საუკეთესო ალტერნატივა. ორივე პროგრამა ყოველთვიურად დამატებით 4.5-4.8 მილიონ ლარს მოითხოვს”, – აღნიშნა მომხსენებლმა. მისივე თქმით, ასევე, აუცილებელია სამუშაო ადგილების შექმნის პოლიტიკის მხარდაჭერა, ზრდის სარგებელის მთელ მოსახლეობაზე განაწილება, მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და სამედიცინო დაზღვევის პროგრამების მთლიანი დაფარვის გაზრდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის, სოციალური დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება, სკოლამდელი განათლების დაწესებულებების ხელმისაწვდომობის გაზრდა, დღის ცენტრებისა და ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების დაწესებულებათა ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებით, ღარიბი ოჯახებისთვის. მიმდინარე წელი პარლამენტის მიერ “ბავშვთა დაცვის წლად” არის გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები