ვიქტორ დოლიძე: რაც ახლა უკრაინაში ხდება, ბევრად ადრე საქართველოში დაიწყო

რაც ახლა უკრაინაში ხდება, ბევრად ადრე საქართველოში დაიწყო, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების კონფერენციის და ევრონეტის საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ სემინარზე გააკეთა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიქტორ დოლიძემ სემინარზე აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველოს, მოლდოვის და უკრაინისთვის რეალური რეფორმირების და ინსტიტუციური მშენებლობის პროცესი იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან საჭიროა ასოცირებულ ქვეყნებთან უფრო ინდივიდუალიზებული თანამშრომლობა. ვიქტორ დოლიძის განაცხადებით, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის მიმართულებით, რაც გამოიხატა 2014 წლის შუალედურ არჩევნებში ქალაქის მერების და რაიონების გამგებლების პირდაპირი წესით არჩევით. ადგილობრივი მმართველობის ორგანოების რეფორმა გაგრძელდება საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით.

მათივე ინფორმაციით, ვიქტორ დოლიძე შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის 2015 წლის სამიტს, მასთან დაკავშირებულ მზადებას და იმედი გამოთქვა, რომ რიგაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, მათ შორის საქართველოსა და უკრაინისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ.

ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, ბევრად ადრე დაიწყო საქართველოში. ამჟამად მნიშვნელოვან შეიარაღებასთან ერთად ათასობით რუსი სამხედროა ოკუპირებულ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში და მიმდინარეობს მილიტარიზაცია. საქართველო ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზებას, ორმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ეკონომიკურ, კულტურულ, სავაჭრო და სოციალურ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ, ამავე დროს, სერიოზული ანალიზი კეთდება რუსეთის ფედერაციიდან პოტენციურად მომავალ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ საფრთხეებზე. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია კვლავ აქტიურად გააგრძელებს მონაწილეობის მიღებას ევრონეტის საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში, რომლის კომიტეტების საქმიანობაც ძალზედ მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები