“თბილისობა” 25-26 ოქტომბერს გაიმართება
“თბილისობა” 2014 25-26 ოქტომბერს გაიმართება, უახლოეს დღეებში კი პროგრამა გამოქვეყნდება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„თბილისობის დღესასწაული 25-26 ოქტომბერს, შაბათ-კვირას გაიმართება. წლევანდელი თბილისობა რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტით იქნება გამორჩეული. იქნება სახალხო დღესასწაული, როგორც წინა წლებში იყო, თუმცა, ამასთანავე, ამ ზეიმში წინა პლანზე მოდის ახალგაზრდული ღონისძიებები. ამიტომ, 25 ოქტომბერს გაიმართებაისეთი ღონისძიებები, სადაც ახალგაზრდობის ინტერესი იქნება უფრო მეტი, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ღონისძიებები ყველა ასაკისა და კატეგორიის ადამიანისთვის იქნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე განცხადებით, წლევანდელი “თბილისობა” მოსახლეობას დიდხანს დაამახსოვრდება. „წლევანდელი ღონისძიება გამორჩეული იქნება. ჩვენ პირველად შემოგვაქვს ნომინაცია “თბილისზე მზრუნველი” და ეს ნომინაცია წლების განმავლობაში გაგრძელდება. ეს იქნება ნომინაცია და ადამიანები დაჯილდოვდებიან სპეციალური ჯილდოებით, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დედაქალაქის განვითარებაში. პარალელურად, ტრადიციული საპატიო თბილისელის დასახელდება, რომელზეც მუშაობს შესაბამისი კომისია და ადამიანები მიიღებენ საპატიო თბილისელის წოდებას”, – აღნიშნა თბილისის მერმა. ნარმანიას განცხადებით, “თბილისზე მზრუნველი” ნომინაცია განსხვავებული იქნება.
“აუცილებელი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ასაკოვანი და ღვაწლმოსილი ადამიანების დაჯილდოება, არამედ დაჯილდოვდებიან ისინი, ვინც, მიუხედავად ასაკისა, წვლილი შეიტანა თბილისის განვითარებაში. წლევანდელ თბილისობაზე ასევე ჩატარდება ღვინის ფესტივალი, იქნება სპეციალური ადგილი, სადაც სომელიეთა ასოციაცია საინტერესო ღონისძიებებს შემოგვთავაზებს. წლევანდელ “თბილისობაზე” არ იქნება აქტივობები მხოლოდ და მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, ღონისძიებები ჩატარდება ქალაქის მასშტაბით, ათივე რაიონში”, – განაცხადა თბილისის მერმა.