ეკა ბესელია: დავით ნარმანია სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პირადი განწყობით არ მიიღებს

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პირადი განწყობით, დაუსაბუთებლად არ მიიღებს.
მისივე თქმით, მთავრობას და ხელისუფლებას ერთნაირი მიდგომა აქვს და პრემიები თვითნებურად არ გაიცემა.
“მან ეს გადაწყვეტილება მიიღო და კონკრეტული დასაბუთება აქვს ამისთვის. თუ არ ვცდები, ეს არის გარკვეული ვადით შემოსაზღვრული დანამატი წლის ბოლომდე იმ კონკრეტული საჯარო მოხელეებისთვის, ვისაც საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობა და ტვირთი აქვს. როგორც ჩანს, ამისთვის დასაბუთება მერს აქვს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას პირადი განწყობით დაუსაბუთებლად”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მერიის ორგანოების თანამშრომლებზე დანამატის გაცემის შესახებ ბრძანება გამოსცა. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, დანამატი 2014 წლის 1 სექტემბრიდან წლის ბოლომდე ყოველთვიურად, დარიცხული ხელფასის პროპორციულად უნდა გაიცეს. დოკუმენტის მიხედვით, დანამატის ჯამური რაოდენობა ოთხი თვის განმავლობაში 152 060 ლარს შეადგენს. ბრძანების მიხედვით, დანამატს 26 თანამდებობის პირი იღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები