რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, ევროკავშირს, ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობას დამაჯერებლად უმტკიცებდა – მაკკეინის ინსტიტუტის უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი

“ევროკავშირმა შეიძლება განიხილოს ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკამათო იყო, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დამაჯერებლად უმტკიცებდა მისიას, რომ ეს რეალურად აჩვენებდა ამომრჩევლებს “ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებების შედეგებს” – ამის შესახებ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, თბილისში 2-8 სექტემბერს, “საქართველოს მეგობრების” მისიის საფუძველზე დაწერილ დასკვნაში წერს.

მისიის მიზანს, თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის შემდეგ, საარჩევნო ლანდშაფტის, მომავალი არჩევნების ჩატარებისა და მთლიანობისთვის არსებული რისკების შეფასება წარმოადგენდა. თორნტონის ეს ანგარიში,  მის მიერ, მაისში, გერმანული მარშალის ფონდისთვის დაწერილ შეფასებას ეხმაურება.

“მისიის მთავარი დასკვნაა, რომ მაისში გამოკვეთილი რისკებად – უცხოელი აგენტების შესახებ ახალი კანონის რეალიზება, თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე და მედიაზე, ოპოზიციური პარტიების მიერ ერთიანი ფრონტის ჩამოყალიბების წარუმატებლობა, “ქართული ოცნების” მთავრობის დაპირებული საარჩევნო რეფორმის არ განხორციელება, წარმოებული დეზინფორმაციული კამპანია და შიშის გაღვივება – რჩება.
გარდა ამისა, მაისიდან მთავრობის შეპირებაა შემდგომი ავტოკრატიული ზომები, მათ შორის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიკვიდაცია და “ნიურნბურგის” სასამართლო პროცესები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრების მიზნით, რომლებიც მათ აკრიტიკებდნენ”, – წერს თორნტონი.

“კიდევ ერთი დასკვნა მისიიდან არის მრავალი სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლის რწმენა, რომ ქართველი ამომრჩევლები ქართულ ოცნებას ზურგს აქციეს და არჩევნებს უყურებენ , როგორც არჩევანს დასავლეთსა და რუსეთს შორის”, –  დასძენს თორნტონი.

“საქართველოს ყველაზე დიდი ღირსება ყოველთვის იყო მისი დემოკრატია. ამის გარეშე შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ეჭვქვეშ უნდა დააყენონ მომავალი ნებისმიერი სტრატეგიული პარტნიორობის შედარებითი ღირებულება.
ანგარიშში მოცემულია შვიდი ქმედება, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელებმა უნდა განახორციელონ საქართველოში არჩევნების წინ:
– მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირს სჭირდება ერთსულოვნება სხვადასხვა სანქციების ქმედებებთან დაკავშირებით, მიზნობრივი სამგზავრო აკრძალვები შეიძლება შემოღებულ იქნეს “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის, ვინც ხმა მისცა უცხოელი აგენტების კანონს.
– აშშ-ს კონგრესმა წინ უნდა წაწიოსკანონმდებლობა “ქართული ოცნების” მთავრობის წინაშე პასუხისმგებლობის დემონსტრირებისთვის, რომელიც აგრძელებს ამომრჩევლების დარწმუნებას, რომ მას აშშ-ის მხარდაჭერა აქვს და აშშ-ის ქმედებები კი ბლეფია.
– აშშ-მა უნდა განიხილოს პიროვნული და ფინანსური სანქციები “ქართული ოცნების” შერჩეული ლიდერებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელისთვის.
– ევროკავშირმა შეიძლება განიხილოს ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკამათო იყო, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია დამაჯერებლად უმტკიცებდა მისიას, რომ ეს რეალურად აჩვენებდა ამომრჩევლებს “ქართული ოცნების” მთავრობის ქმედებების შედეგებს.
– აშშ-მ და ევროკავშირის დახმარების სააგენტოებმა მხარი უნდა დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას უცხოელი აგენტების შესახებ კანონმდებლობის შეუსრულებლობის პროცესში, შესაძლო ჯარიმებისა და იურიდიული მოსაკრებლების ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით. არ უნდა იყოს არაერთგვაროვანი მესიჯები საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კანონის წინააღმდეგობის შესახებ და არ უნდა იყოს მცდელობა კანონის მხარდასაჭერად (ტრენინგები და ა.შ.).
– საჭიროა დამოუკიდებელი მედიის, განსაკუთრებით რეგიონული საშუალებების ფინანსური მხარდაჭერა.
– აშშ-სა და ევროკავშირის ლიდერებმა საჯაროდ უნდა გამოთქვან სერიოზული ეჭვები ნებისმიერი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობის შესახებ, რომელიც ჩატარდა შეფერხებული უპარტიო დაკვირვებით და ჩავარდნილი საარჩევნო რეფორმით.

ანგარიში რეკომენდაციას უწევს არჩევნების შემდგომ ექვს მოქმედებას:
– საერთაშორისო თანამეგობრობამ მხარი უნდა დაუჭიროს არჩევნების სამართლიანობის შესახებ სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს. ხმების პარალელური დათვლის და ეგზიტპოლების შედეგი ასევე გადამწყვეტი იქნება ცენტრალური საარჩევნო კომისიის არჩევნების ოფიციალური შედეგების დასადასტურებლად.
– ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი ინვესტიციები უნდა განახორციელონ არჩევნების შემდგომ დამკვირვებელთა ძალისხმევაში, მათ შორის, მაღალი დონის საერთაშორისო დელეგაციების მიერ მოვლენების მონიტორინგით და არჩევნების დღის შემდეგ, დაუყოვნებლივ გამოხატონ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიმართ.
– შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს ორპარტიული კონგრესის დელეგაციის შექმნა არჩევნების შემდგომ კვირებში, რათა გააძლიეროს ქართველი დამკვირვებლები, მხარი დაუჭიროს მოქალაქე მომიტინგეებს და, შესაძლოა, შემაკავებელი იყოს ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისა და დევნის წინააღმდეგ.
– თუ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს – რაც დამკვირვებლების მიერ იქნება დადასტურებული – საერთაშორისო საზოგადოება უნდა დააკვირდეს პოსტსაარჩევნო გარემოს, განსაკუთრებით ხელისუფლების პასუხს მოსალოდნელ საპროტესტო აქციებზე. “ქართული ოცნების” კიდევ ერთი ვადა, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს არალიბერალურისტრატეგიის წინ წაწევას, სამოქალაქო საზოგადოების შემდგომ ჩახშობას და სადაო კანონმდებლობის მიღებას უფლებების შეზღუდვის მიზნით, ევროკავშირის რეფორმების გვერდის ავლისთვის. ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა არა შეუძლებელი, რომ “ქართულმა ოცნებამ” უზრუნველყოს უმრავლესობის ორი მესამედი, რომელიც საჭიროა პოლიტიკური ოპოზიციის აღმოსაფხვრელად და ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატების გაუქმებისთვის.
– ევროკავშირმა უნდა განიხილოს საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერება მანამ, ვიდრე რეფორმები კანდიდატურობის მოთხოვნების შესაბამისად არ გატარდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უნდა განიხილოს განმეორებითი მისია, რათა ზეწოლა მოახდინოს “ქართული ოცნების” დეპუტატებზე, დაიცვან წინა შეთანხმებები.
– თუ ჯერ კიდევ ეს არ გააკეთა, კონგრესმა უნდა გააგრძელოს საქართველოს შესახებ კანონმდებლობის წინ წაწევა, თუ “ქართული ოცნება” არ გააუქმებს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ და გააგრძელებს ადამიანის უფლებათა საწინააღმდეგო კანონმდებლობას (როგორიცაა LGBTQ შეზღუდვები).

თუ საქართველო განაგრძობს საკუთარ ავტოკრატიულ ტრაექტორიას, საერთაშორისო საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა განსაზღვროს: 1) ნებისმიერი პარტნიორობის ღირებულება ავტოკრატიულ საქართველოს მთავრობასთან, განსაკუთრებით თუ გაგრძელდება ანტიდასავლური რიტორიკა; და 2) არის თუ არა “ქართული ოცნების” მთავრობა სანდო პარტნიორი (განსაკუთრებით დაზვერვის გაზიარებისა თუ ანტიტერორისტული მცდელობების თანამშრომლობისთვის), რუსეთთან, ასევე ჩინეთთან და ირანთან კავშირების გათვალისწინებით.

ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ უდავოდ მტკიცედ დაუჭერენ მხარს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემას. “ქართული ოცნების” ნებისმიერი დაბრკოლება მოითხოვს საერთაშორისო დახმარებისა და თანამშრომლობის მუდმივ შეწყვეტას, სანქციებს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაუქმებას.
თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია “ქართულ ოცნებას” გამარჯვებულად გამოაცხადებს, მაგრამ სადამკვირვებლო ჯგუფები მნიშვნელოვან შეფერხებებს და სერიოზულ დარღვევებზე განაცხადებენ, რაც შედეგებს არასანდოდ აქცევს, საერთაშორისო ზეწოლა მნიშვნელოვანი იქნება საჩივრების განხილვის პროცესის, აუდიტის, ხელახალი დათვლის და საჭიროების შემთხვევაში, ახალი არჩევნების უზრუნველსაყოფად.
შედეგის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა უნდა იყოს ძლიერი, განსაკუთრებით დამკვირვებელი და დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების მიმართ. კრეატიული დაფინანსების გზები, როგორიც გამოიყენება აზერბაიჯანში, შეიძლება საქართველოშიც საჭირო გახდეს, თუ სამოქალაქო საზოგადოების სივრცე დაიხურება. ქართველი ხალხის გადარჩენის ხაზები, ვინც მხარს უჭერს ევროკავშირისა და ნატოს წევრობას, უნდა გაგრძელდეს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით და საჯარო დიპლომატიის ძალისხმევით”, – წერია თორნტონის შეფასებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები