“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარებას სახელმწიფო სისტემის მობილიზება დასჭირდება“
ეუთოს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარებას სრულიად სახელმწიფო სისტემის მობილიზება დასჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
“ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და სერიოზული ორგანიზაცაა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებს იხილავს და გაეროს შემდეგ ყველაზე დიდ ტერიტორიას ფარავს. არის ძალიან სერიოზული ღონისძიება, რომელსაც ყველა თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული უნდა შევხვდეთ. 2016 წლის ზაფხული დღევანდელი გადასახედიდან შესაძლოა, შორს ჩანს, თუმცა არც ისე შორსაა. კომიტეტი, ცხადია წამყვანი ქვედანაყოფი იქნება, რომელიც მოსამზადებელ პროცესში ჩაერთვება, მაგრამ ეს ისეთი ღონისძიებაა, რომელსაც სრულიად სახელმწიფო სისტემის მობილიზება დასჭირდა როგორც ლიგისტიკური, ასევე ბევრი სხვა თვალსაზრისით”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
2016 წლისათვის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში ჩატარების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. როგორც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ კოლეგებს აცნობა, საორგანიზაციო საკითხების განსაზღვრის მიზნით, ოთხ-ხუთ კვირაში საქართველოში ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა. მისივე თქმით, ასამბლეის სხდომა შესაძლოა, ბათუმში ჩატარდეს. გარდა ამისა, როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, 2017 წელს საქართველოში შესაძლოა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაც გაიმართოს.