„გაშიფრული ხართ, მეგობრებო, არავითარი განსხვავება თქვენსა და „ნაციონალებს“ შორის არ არის“
„გაშიფრული ხართ, მეგობრებო, არავითარი განსხვავება თქვენსა და „ნაციონალებს“ შორის არ არის“, – ამ სიტყვებით მიმართავს „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ორგანიზაცია „საია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ფარული „ნაციონალები“ არიან.
მისი თქმით, „ზონის“ აქციის შემდეგ „ნაციონალების“ მხრიდან თვითდაზიანებები კიდევ იგეგმება.
„რაც შეეხება დავითაიას ცემის ფაქტს: სად არის საია? ან „საერთაშორისო გამჭვირვალობა“? აბა, ყოფილიყო „ტაბულას“ ჟურნალისტი, ან ონიანი ეცემათ, ხომ ჩატარდებოდა მყისიერად ბრიფინგი? იმის თქმა მინდა, რომ საზოგადოებისთვის ეს ხალხი გაშიფრულია და მათი სრული ლუსტრაცია მოხდა. სულ მახსენდება ის დღე, როცა არასამთავრობოებს გვაჩვენეს “ნაციონალების“ გადაღებული ავადსახსენებელი ფაილები და როგორ წამოხტა კოჟორიძე და იძახდა, რატომ გვაჩვენებთ ამ კადრებსო. ანუ ამათ ის ინფორმაციაც არ უნდათ, სადაც “ნაციონალები” არიან გარეულები. არ იღებენ მსგავს ამბავს და არც იზიარებენ. სამაგიეროდ, ერთ ამბავს ტეხავენ, საქართველოში კრიმინალმა მოიმატაო და გაგიგიათ, არასამთავრობო ორგანიზაცია გაიძახოდეს, კვლევები და ციფრები არ გვაინტერესებს, სტატისტიკა არ გვინდა, ტელევიზორში რასაც აჩვენებენ, ის მაინტერესებსო? ამიტომ მივმართავ ამ არასამთავრობოებს: გაშიფრულები ხართ, მეგობრებო, არავითარი განსხვავება თქვენსა და „ნაციონალებს“ შორის არ არის, ისინი, უბრალოდ, ხმამაღლა ამბობენ, „ნაციონალები“ ვართო და თქვენ ფარული „ნაციონალები“ ხართ. ძალიან გინდათ, რომ საქართველოში შეიცვალოს სიტუაცია და დაბრუნდნენ „ნაციონალები“, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამხელა ფული რომ შემოვიდა საქართველოში, ტყუილად არ შემოსულა. ჩემი ინფორმაციით, „ზონის“ აქციის შემდეგ კიდევ იგეგმება თვითდაზიანებები „ნაციონალების“ მხრიდან, რომ შემდგომში აღნიშნონ, რომ მათ ცემა-ტყეპაზე გადავიდნენ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე გახშირდება შეხლა-შემოხლა, რომ უკიდურესად დაიძაბოს სიტუაცია ქვეყანაში. მაგრამ ხელისუფლება ამ შემთხვევაში არხეინად არ უნდა იყოს, მაინც ჩვენ გვიჭერს ხალხი მხარს და ესენი რას დაგვაკლებენო. მოგეხსენებათ, შეძახილმა ხე გაახმოო, თუ ყოველდღე მოვისმენთ, არიქა, ქვეყანა ინგრევაო, ეს სიტყვები და განწყობა, დამერწმუნეთ, საზოგადოებაზე იქონიებს გავლენას“, – განაცხადა მჟავანაძემ „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დამთავრდეს. „აიკრძალოს „ნაციონალური პარტია“ და მორჩება! როდემდე უნდა ვილაპარაკოთ, რომ ეს დესტრუქციული პარტიაა? თუ დამნაშავე ორგანიზაციაა, მერაბიშვილი იყო გენერალური მდივანი და წერია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში, რომ თუკი პარტია ეწევა ძალადობას და ახორციელებს არაკონსტრუქციული წესით პოლიტიკურ მოღვაწეობას, ის პარტია უნდა აიკრძალოს კონსტიტუციური სასამართლოს მეშვეობით და გაკეთდეს ეს“, – განაცხადა მჟავანაძემ „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას.