არჩილ გორდულაძე – საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მოპოვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით შესრულდეს

„საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მოპოვება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები ზედმიწევნით შესრულდეს,“ – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისივე  თქმით, როცა სასწორის ერთ პინაზე დევს მოგზაურობა გამარტივებული წესით, ხოლო მეორე პინაზე ქვეყნის დამოუკიდებლობა, ეს არის შანტაჟის მცდელობა.

„ამ თვალსაზრისით მუშაობა ყოველდღიურად მიდის, ეს იქნება პარლამენტში თუ მთავრობაში. “ქართული ოცნების” მხრიდან გადადგმული თითოეული ნაბიჯი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ვალდებულებები შევასრულოთ. არავის მოვუწოდებთ, რომ თითი დაგვიქნიონ, რაღაცით დაგვემუქრონ და დაგვაშანტაჟონ. არ შეიძლება, თავისუფალი გადაადგილება ქართველი ხალხის შანტაჟის საფუძველი გახდეს – როცა სასწორის ერთ პინაზე დევს მოგზაურობა გამარტივებული წესით, ხოლო მეორე პინაზე ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და იმისგან თავისუფლება, რომ ვინმემ აქ დავალება მოგვცეს და ქართველებს თითები გაგვიტკაცუნოს, ეს არის შანტაჟის მცდელობა. ჩვენი მხრიდან ნაკისრ ვალდებულებებს შევასრულებთ და მყარად დგომით, ღირსებით ყველაფერს ვიზამთ, რომ რაც ქართველი ხალხის ინტერესშია, გაკეთდეს. რაც არ უნდა თითი გვიქნიონ და გვაშანტაჟონ, ყოველთვის კოვზი ნაცარში ჩაუვარდებათ“, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები