ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს
2025 წლის პირველ კვარტალში 41 კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, დარღვევა 3 კომპანიის 5 ნიმუშში აღმოჩნდა, – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „Bureau Veritas“ და „SGS“-ის 29 კომპანიის ინსპექტირების შედეგად დარღვევა არ გამოვლენილა.
აღნიშნულ პერიოდში 88 კომპანიაში განხორციელდა სახელმწიფო კონტროლი, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 127 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 4 კომპანიის 4 ნიმუშში. ნიმუშების გარკვეულ ნაწილზე ლაბორატორიული კვლევები გრძელდება.
საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 64 დეგუსტაცია. სადეგუსტაციოდ შემოსული 2931 ნიმუშიდან 2822 დადებითად, ხოლო 109 ნიმუში უარყოფითად შეფასდა. ნიმუშის ორგანოლეპტიკური ტესტირება ხდება ფერსა და გამჭვირვალობაზე, ტიპურობაზე, დაავადებების არსებობაზე, არომატზე, გემოსა და ჰარმონიულობაზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები უწყვეტად ახორციელებენ ხარისხის მონიტორინგს, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს, იყოს კონკურენტუნარიანი და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.