თინა ბოკუჩავა: არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე, საუბარია მის დროებით შეჩერებაზე
არცერთ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი უვიზო მიმოსვლის გაუქმებაზე, საუბარია მის დროებით შეჩერებაზე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სანქცია, დაწესების შემთხვევაში, დროებითი იქნება და გაგრძელდება მანამ, ვიდრე ქვეყანაში ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.
„საუბარი არ არის [ვიზალიბერალიზაციის] გაუქმებაზე, არცერთ შემთხვევაში საუბარი არ ყოფილა გაუქმებაზე, საუბარი არის დროებით შეჩერებაზე, რაც შეიძლება კონკრეტული ლიმიტირებული პერიოდი იყოს. ხალხისა და ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენი ისტორიული მისწრაფებებისთვის ღალატი არის საქართველოს მოქალაქეებისთვის თავისუფალი არჩევანის წართმევა და, ტოტალური დაშინების ფონზე, ადამიანების თავისუფალ ნებაზე იმგვარად ზემოქმედება, რომ არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. თუ რამე არის ქვეყნის ღალატი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება, ქართველი ხალხის ღირსებისა და ინტერესების ფეხქვეშ გათელვა არის სწორედ ეს და ეს გააკეთა ივანიშვილმა და მისმა დამქაშებმა 26 ოქტომბერს.
რაც შეეხება უვიზო მიმოსვლას, ეს არის საკითხი, რომელიც ახლა განიხილება ევროკავშირში და გიდასტურებთ, რომ ამ საკითხის განხილვა ნამდვილად მოხდა სხვადასხვა უწყებაში, იქნება ეს ევროპარლამენტი, თუ ევროკომისია. მესმის, ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხალხისთვის გაცილებით უფრო სწორი და მარტივად ასახსნელი იქნებოდა ის, რომ ჯერ მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ძირის გამომთხრელების დასანქცირება, ივანიშვილის და მისი გარემოცვის სახით და შემდეგ ნებისმიერი სანქციის დაწესება, რომელიც შესაძლოა, საქართველოს მოსახლეობას შეეხოთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ასევე იცოდნენ, რომ შესაძლოა ევროკავშირს სხვა გამოსავალი არ დარჩეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული ვიქტორ ორბანი ბიძინა ივანიშვილს აძლევს იმის შესაძლებლობას ევროკავშირში, რომ არ დაწესდეს პერსონალური სანქციები მასზე იმიტომ, რომ ამისთვის საჭიროა სრული კონსენსუსი, ხოლო ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერებას – ორი თვით, ერთი თვით, სამი თვით, იმისთვის, რომ შემდგომ, როდესაც ქართველი ხალხი დაიბრუნებს პროევროპულ ხელისუფლებას და სინამდვილეში დაიბრუნებს ძალაუფლებას, რომელიც ხალხს ეკუთვნის და არა რუს ოლიგარქს, ბიძინა ივანიშვილს სახით.
ჩაინიშნება ახალი არჩევნები, რომელსაც თავლაფდასხმული გიორგი კალანდარიშვილი კი არ ჩაატარებს, არამედ ჩაატარებს კეთილსინდისიერი პროფესიონალებისგან მიერ დაკომპლექტებული ცესკო, ეს უკვე ბუნებრივია ასახავს ქართველი ხალხის არჩევანს, ასე დაიბრუნებს ევროპულ პერსპექტივას და მათ შორის, ვიზალიბერალიზაციას და არა მხოლოდ, გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.