იან პრაუდი: თქვენს რეგიონს შევადარებდი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთა ასოციაციას, რომელიც ყურადღებას კარგი ეკონომიკური ურთიერთობების აღმშენებლობას აქცევს, სავაჭრო ხაზების განვითარებას მისდევს, არ ფოკუსირდება პოლიტიკაზე
ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების საფუძველი იცვლება, – ამის შესახებ დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდიმ, ლაშა კასრაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
წამყვანმა მას შემდეგი შინაარსის კითხვით მიმართა: გათვალისწინება იმისა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას იძლევა ეკონომიკური სამეზობლო ურთიერთგაცვლის კუთხით, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან. რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ კაპიტალს, ვაშინგტონისა და ბრიუსელისადმი, აქ საერთო სარგებელთან გვაქვს საქმე, არავინ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ან ამერიკის შეერთებული შტატების ამ ეკონომიკურ პროექტებში მონაწილეობას, უფრო მეტიც, ქართულ აკადემიურ სფეროში არსებული ზოგიერთი კონცეპტუალური თეორიის თანახმად, მაგალითად „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში“, საუბრობენ სამხრეთ კავკასიაზე, როგორც გეოპოლიტიკურ სფეროზე, რომელიც ინტეგრაციის. გნებავთ, გეოეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ სფეროდ ჩამოყალიბების პროცესშია, სადაც წამყვან სახელმწიფოებს საერთაშორისო პოლიტიკისა და ეკონომიკის თვალსაზრისით ექნებათ საქმიანობის საშუალება. მიმაჩნია, რომ არ იქნებოდა გადამეტებული თქმა იმისა, რომ ეს პროცესი ამ წამს, ჩვენს თვალწინ ვითარდება. თქვენს მიერ ნათქვამს, რომ მივუბრუნდეთ, რომ ვაშინგტონს სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული ხასიათის ეკონომიკური ინტერესები არ ამოძრავებს, მესმის რატომაც ამბობთ ამას. იყო შთაბეჭდილება, რომ შავი ზღვის რეგიონი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გადამწყვეტი გეოსტრატეგიული დატვირთვის მატარებელი იყო, ეს კი ასე არ აღმოჩნდა. ვხედავთ სადაც აქვს ვაშინგტონს გეოეკონომიკური ინტერესები, მაგალითად ახლო აღმოსავლეთში და ვაშინგტონი ამ ინტერესებს დაიცავს, ამერიკის შეერთებული შტატები არავის მისცემს უფლებას ამ რეგიონში ხელი აფათუროს. შავი ზღვის რეგიონში ჩვენ იგივე მიდგომას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ვერ ვხედავთ, მეთანხმებით?
„გეთანხმებით, ახლო აღმოსავლეთში, ვაშინგტონის კავშირი ისტორიულ მოკავშირე საუდის არაბეთთან დღეს არცთუ ისე მყარია, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები იმდენად აღარ არის ახლო აღმოსავლეთზე ენერგოდამოკიდებული. ის თავად გახდა ენერგოექსპორტიორი. საუდის არაბეთი კი საკუთარი დიპლომატიის გამრავალფეროვნებას ცდილობს. შესაძლებელია ვიხილოთ თეირანთან ურთიერთობების გამოსწორებაც, გამომდინარე აქედან რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების საფუძველი იცვლება. გასათვალისწინებელია ისრაელსა და ღაზის სექტორში მომხდარი და მიმდინარე მოვლენები, ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ვაშინგტონის გადმოსახედიდან, ჩინეთსა და ტაივანს, რომ თავი გავანებოთ ამ წამს, ეს ორი ომი წაიღებს ტრამპის ენერგიის უდიდეს ნაწილს. მე თქვენს რეგიონს შევადარებდი სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის ერთა ასოციაციას, რომელიც ყურადღებას კარგი ეკონომიკური ურთიერთობების აღმშენებლობას აქცევს, სავაჭრო ხაზების განვითარებას მისდევს, არ ფოკუსირდება პოლიტიკაზე არამედ ეკონომიკაზე უპირველეს ყოვლისა და თანმდევ სოციალურ და კულტურულ ურთიერთგაცვლაზე“, – განაცხადა იან პრაუდიმ.
ლაშა კასრაძე: არ დაგვავიწყდეს თურქული ფაქტორიც.
„დიახ, თურქულ სახელმწიფოთა ასოციაცია, ასეთი რეგიონული დაჯგუფებები რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ კონკრეტულ ინტერესს კონკრეტულ სფეროში, მათთვის ამოსავალი წერტილი კი გახლავთ კარგი ურთიერთობები მეზობელ სახელმწიფოებთან. ეს დამეთანხმებით , ცუდი რამ არ არის, როგორც დიპლომატი გეუბნებით“, – განაცხადა იან პრაუდიმ.
ცნობისთვის, იან პრაუდი გაერთიანებულ სამეფოში მისი უდიდებულესობის დიპლომატიურ სამსახურში1999 წლიდან 2023 წლის ჩათვლით მსახურობდა. ის ამჟამინდელი თაობის დიპლომატთა შორის ერთადერთია, ვინც ვლადიმირ პუტინთან პირისპირ არის შეხვედრილი 2013 წელს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტისას გაერთიანებულ სამეფოში. იან პრაუდი დიდი რვიანის სამიტის ორგანიზატორი იყო, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში 2013 წელს გაიმართა. იან პრაუდი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ექსპერტია კრიზისების მართვის მიმართულებით, ის ჩართული იყო ამ თვალსაზრისით 2001 წლის 11 სექტემბრის, ბალიში 2002 წელს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების, 2004 წლის ინდოეთის ცუნამის, არაბული გაზაფხულისა და ფუკუშიმას 2011 წლის კატასტროფის კრიზისის მართვის საქმიანობაში. 2014 წლის ივლისიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით იან პრაუდი მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში, გაერთიანებული სამეფოს დიპლომატიურ მისიაში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება ბრიტანელი მინისტრებისთვის რჩევის მიცემა იყო, კრემლის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. 2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მან ასევე ავტორიზაცია გაუწია რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების დიდ ნაწილს. მიუხედავად ამისა მას მიაჩნია, რომ დასავლეთის მიერ კრემლის წინააღმდეგ გატარებული სანქციების პოლიტიკა იყო წარუმატებელი. მოსკოვში ბრიტანულ საელჩოში საქმიანობისას, მან გადამწყვეტი როლი შეასრულა 2018 წლის მარტში, სალისბურიში, გაერთიანებულ სამეფოში, ქვეყნიდან რუს დიპლომატთა გაძევებაში. იან პრაუდი ასევე იყო „აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დიპლომატიური აკადემიის“ თავმჯდომარე და ასევე, ვიცე – თავმჯდომარე „მოსკოვის ანგლოამერიკულ სკოლაში“.