დონალდ ტუსკი “აშშ-ში ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ, ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი ყველასთვის სერიოზული გამოწვევაა”

პოლონეთი უკრაინის დასახმარებლად ახალი ნაბიჯების გადადგმას აპირებს, რომელშიც მის გარდა ბალტიის ქვეყნები, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იქნებიან ჩართულნი,- ამის შესახებ “პოლიტიკო” წერს.

ამასთან, გამოცემის ცნობით, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აპირებენ დაარწმუნონ ტრამპი, არ გაწიროს უკრაინა და რუსეთს არ დაუთმოს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გეგმავს შეხვედრებს ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და ნატოს ლიდერებთან, რათა განიხილონ უკრაინაში არსებული ვითარება აშშ-ში დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

“აშშ-ში ტრამპის ხელახლა არჩევის შემდეგ ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი  ყველასთვის სერიოზული გამოწვევაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები უკრაინაზე შეთანხმებას კიევის ჩარევის გარეშე მიაღწევენ. უკრაინის მომავალი შეუძლებელია გადაწყდეს უკრაინის გარეშე. უახლოეს დღეებში ჩვენ ძალიან ინტენსიურად დავაორგანიზებთ თანამშრომლობას ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ მსგავსი შეხედულება გეოპოლიტიკურ და ტრანსატლანტიკურ ვითარებაზე უკრაინაში”,- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა.

მანამდე, ტრამპმა გააკრიტიკა აშშ-ის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის დონე უკრაინაში და მისი კამპანიის დროს განაცხადა, რომ ის კონფლიქტის სწრაფად დასრულებას შეეცდება.

“არავის სურს კონფლიქტის ესკალაცია, იმავდროულად, არავის სურს უკრაინის დასუსტება ან თუნდაც კაპიტულაცია. ეს იქნება ფუნდამენტური საფრთხე პოლონეთისათვის. ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე”, – განაცხადა ტუსკმა.

შეგახსენებთ, 2022 წელს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა 125 მილიარდი დოლარის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინას, ხოლო აშშ-მ 90 მილიარდი დოლარი გამოყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები