“26 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტუნარიანი და სამართლიანი იყო” – რატი იონათამიშვილი
“26 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტუნარიანი და სამართლიანი იყო. ვინც ცდილობს, სიმართლეს არ გაუსწოროს თვალი, ეს მეტად დამღუპველი იქნება ნებისმიერი აქტორისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
დეპუტატი მედიაში გავრცელებულ, ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების ერთობლივ მიმართვას გამოეხმაურა, რომლითაც ისინი აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ლიდერებს მოუწოდებენ – „მიიღონ ყველა შესაძლო ზომა საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად“.
„ეს ადამიანები სასოწარკვეთილნი არიან, მათ 26 ოქტომბერს ძალიან მტკივნეული მარცხი იწვნიეს. ვხედავთ, როგორ პოლიტიკურ აგონიაში იმყოფებიან. საქართველოში არჩევნები შედგა, რომელიც იყო კონკურენტუნარიანი და სამართლიანი. საზოგადოებამ საკუთარი არჩევანი გააკეთა. ვინც ცდილობს, რომ თვალი სიმართლეს არ გაუსწოროს, ეს კიდევ უფრო მეტად დამღუპველი იქნება ნებისმიერი აქტორისთვის. ახლა თუ უნდათ, წერილები წერონ. როგორც ჩანს, ეს არის აგენტურის ხვედრი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.