„დოდო აბაშიძე – 100“ – საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა გაიხსნა
დოდო აბაშიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „დოდო აბაშიძე – 100“ გაიხსნა.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია დოდო აბაშიძის თეატრალური და კინოროლების ამსახველი ფოტოები, მისი პორტრეტები და საოჯახო არქივში დაცული სურათები. ექსპოზიციის პარალელურად საგამოფენო პავილიონში გაიმართა საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული, დიზაინერ ბადრი გაგნიძის შექმნილი საფოსტო მარკის „დავით (დოდო) აბაშიძე – 100 წელი” პრეზენტაცია.
გამოფენა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და დოდო აბაშიძის შვილმა ზაზა აბაშიძემ გახსნეს. საიუბილეო საფოსტო მარკა საზოგადოებას საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ წარუდგინა.
დოდო აბაშიძის სამსახიობო კარიერა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 1949 წელს დაიწყო. მან 7-წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა. 1954 წლიდან იღებდნენ კინოში. მხატვრულ ფილმებში განსახიერებული აქვს 50-ზე მეტი როლი, მათ შორისაა: ბიჭიკო („ჭრიჭინა”, 1954), აბდუშაჰილი („ბაში-აჩუკი“, 1956), დღვირა („თეთრი ქარავანი“, 1963), ომარ მარღანია („მაცი ხვიტია“, 1966), სოსანა („დიდი მწვანე ველი”, 1967), მამამზე ერისთავი („დიდოსტატის მარჯვენა“, 1969), ალექსანდრე („სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, 1969), პრისტავი („ვერის უბნის მელოდიები”, 1973), იასონი („პირველი მერცხალი”, 1975), პაპა გაბრიელი („მწვერვალი”, 1976), ვარლამი („რაჭა, ჩემი სიყვარული”, 1977), არქიფო სეთური („დათა თუთაშხია“, 1977), ყვარყვარე („ყვარყვარე”, 1978), გიორგი („ფესვები”, 1987) და სხვა.
ამასთან, დოდო აბაშიძის საიუბილეოდ თბილისის საარქივო ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში წარმოდგენილი იყო რეჟისორ ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“.
გამოფენა ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N1/პეკინის გამზ. N40 (შესასვლელი პეკინის გამზირის მხრიდან).