7 სექტემბერი ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

1861 წლის 7 სექტემბერს დაიბადა ამბროსი ხელაია – სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1921-1927 წლებში.
საქართველოს ეროვნული არქივი აქვეყნებს პატრიარქის ბიოგრაფიას და ფოტოს.
პატრიარქმა 1922 წელს გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციაზე გააგზავნა წერილი, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს ეკლესიისა და ქართველი ერის მდგომარეობის შესახებ: მოითხოვდა ჩვენი ქვეყნიდან რუსეთის ჯარის გაყვანას და ქართველი ხალხისთვის თვითგამორკვევის საშუალების მიცემას. ამის გამო დააპატიმრეს და ორ წელზე მეტი მეტეხის ციხეში გაატარა.
სწორედ ამ მიმართვის შესავალში ვკითხულობთ:
„ჯერ კიდევ არაქრისტიანულ ხანაში, კავკასიის ძირში, შავისა და კასპიის ზღვებს შორის, ქართული მოდგმის ტომებმა შეჰქმნეს პატარა სივრცით, მაგრამ ძლიერი ნებისყოფით და მდიდარი აქტუალური ნიჭით სახელმწიფო, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ერთადერთი მატარებელი იყო წინა აზიაში ქრისტიანული კულტურისა და ევროპული ჰუმანიზმისა”.
ამბროსი ხელაიას 1995 წელს საქართველოს ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა, ხოლო 2013 წელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება.
შენიშვნა: დიზაინში გამოყენებულია ამბროსი ხელაიას ხელნაწერის მიხედვით კალიგრაფ დავით მაისურაძის მიერ შექმნილი შრიფტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები