ბრაზილიაში, ქალაქ სან პაულოს მახლობლად, თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 მგზავრი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN Brasil-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ავიაკომპანია Voepass-ის თვითმფრინავმა კასკაველი დატოვა და სან პაულოში მიემგზავრებოდა, ადგილობრივი დროით 12:30 საათამდე კი მან სიგნალი დაკარგა.
ავიაკომპანიის განცხადებით, ავიაკატასტროფის დროს რეის 2283-ში 58 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.
„ჯერჯერობით არ არის დადასტურებული, თუ როგორ მოხდა ავარია ან როგორია ბორტზე მყოფი ადამიანების ამჟამინდელი მდგომარეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კატასტროფის ამსახველი ვიდეომასალაც, რომელშიც ცეცხლის ქვეშ მყოფი განადგურებული თვითმფრინავია ნაჩვენები.
ვიდეო: Anadolu