უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაზე რუსეთის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. სამიზნე გახდა სავაჭრო ცენტრი, სადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 37 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
როგორც ცნობილია, ადგილზე გაჩნდა ძლიერი ხანძარი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და რამდენიმე ათეული ავტომობილი.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ადგილზე სამაშველო ოპერაციები აქტიურად მიმდინარეობს.
“რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ ჩვეულებრივ სუპერმარკეტს და ფოსტას. ხალხი ნანგრევების ქვეშაა. სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ყველაფერი გაკეთდება ხალხის გადასარჩენად”, – მომხდართან დაკავშირებით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთი რეგულარულად უტევს უკრაინის რეგიონებს სხვადასხვა ტიპის იარაღით. მოსკოვი უარყოფს მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ თავდასხმებს.