თამარ ლომიძის მე-10 პერსონალური გამოფენა გაიხსნება

25 ივნისს 18:00 საათზე, „აბრეშუმის გალერეაში“, თამარ ლომიძის რიგით მე-10 პერსონალური გამოფენა გაიხსნება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება ბოლო წლებში შესრულებული  ფერწერული ნამუშევრები.
თამარ ლომიძე მუშაობს სხვადასხვა ტექნიკაში (აკვარელი, ტუში, აკრილი, ტიპოგრაფიული საღებავი, ზეთი). მშობლიური კუთხის პეიზაჟებთან ერთად გამოიფინება ძველი თბილისის მოტივებზე შესრულებული მისი რამდენიმე ტილო.
თამარის ნამუშევრებში დიდი ადგილი ეთმობა ნორვეგიულ მოტივებს. მხატვარს პერიოდულად უწევს ნორვეგიაში ცხოვრება და ამიტომაც მისი ნამუშევრების დიდი ნაწილი სწორედ ნორვეგიის კერძო კოლექციებშია დაცული.
თამარი ხშირად მონაწილეობს სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში. მისი შემოქმედება მრავალფეროვანია, აბსტრაქციაცაა, ნატურმორტიც და პეიზაჟიც. მხატვარი 4 პოეტური კრებულის ავტორია და სწორედ ფერებით წერა და სიტყვებით ხატვაა მისი შემოქმედების მთავარი მაცოცხლებელი ძალა.
ვინაიდან ეს თამარის საიუბილეო გამოფენაა, ორმაგ დატვირთვას იძენს.
გარდა საქართველოს და ნორვეგიისა, მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის კერძო კოლექციებში.
დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ, მოუსმინონ თამარის ნორვეგიელი მეუღლის (ასევე იუბილარის) სვენდ ვოგეს მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებსაც.
გამოფენა 29 ივნისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები