„უცხოელი მოგზაურები საქართველოსა და კავკასიაში“ – გამოფენა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმში გამოფენა – „უცხოელი მოგზაურები საქართველოსა და კავკასიაში“ გაიხსნა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილია წიგნები მოგზაურობების შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდიდან.
წიგნის მუზეუმში გამოფენილია გამოცემები ევგენი ვეიდენბაუმის (1845-1918წწ.) კოლექციიდან: ფრიდრიხ ბოდენშტატის „კავკასიის ხალხები და მათი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის რუსების წინააღმდეგ“; ისტორიკოსის, ალპინისტის, ეთნოგრაფის, გეოგრაფისა და კარტოგრაფის, გოთფრიდ მერცბახერის „კავკასიის მაღალმთიანეთი“; რობერტ პორტერის „მოგზაურობა საქართველოში, სპარსეთში, სომხეთში და ძველ ბაბილონში“. ეს უკანასკნელი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ გაფორმებულია ავტორის ილუსტრაციებით.
დამთვალიერებელი გამოფენაზე ასევე ნახავს ალექსანდრე დიუმას „კავკასიას“, დაბეჭდილს ფრანგულ ჟურნალში მანამდე, სანამ წიგნად გამოვიდოდა.
წიგნის მუზეუმში მოწყობილ ექსპოზიციაზე მოგზაურთა გამოცემების მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი. ეროვნული ბიბლიოთეკის იშვიათ გამოცემათა ფონდში კი ინახება ისეთი გამორჩეული ეგზემპლარები, როგორიცაა არქანჯელო ლამბერტის „მოგზაურობა კოლხეთში“. ეს გამოცემა, გარდა შინაარსისა, უნიკალურია იმითაც, რომ გაფორმებულია ფრედერიკო კასტელის ხელით შესრულებული ილუსტრაციებით, რომელთა შორისაა ლევან დადიანის პორტრეტი და ოდიშის რუკა; ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს „მოგზაურობა კავკასიაში“, რომელსაც ახლავს ატლასი საქართველოს გრაფიკული გამოსახულებით, არქიტექტურული ძეგლებით, რომელთა შორისაა ბაგრატის ტაძარი ქუთაისში, ატენის სიონი, შემოქმედის ეკლესია გურიაში.
ცალკე ყურადღებას იმსახურებს ატლასები, სადაც შესულია ნახატები, რუკები, ცხრილები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობებს ასახავს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოცემაა ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთში“, რომელიც კავკასიიდან დაიწყო და მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თბილისს. ატლასში ჩვენი დედაქალაქის გრაფიკული გამოსახულებაც არის შესული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები