მაია ფანჯიკიძე უილიამ ბერნსს და ვიქტორია ნულანდს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე უილიამ ბერნსი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე.
უილიამ ბერნსმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მინისტრებმა განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, უკრაინაში განვითარებული პროცესები, “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევები და ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმდინარეობა.
ნიუ-იორკში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევრაზიისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდთან. შეხვედრას აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე, ასევე ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ერიკ რუბინი და თეთრი სახლის ევროპის საქმეთა უფროსი დირექტორი, ჩარლზ კუბჩანი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ამერიკული მხარე დაინტერესდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მიმდინარეობით, შეთანხმების ეკონომიკური ნაწილის ამოქმედების საკითხებით. ასევე, საუბარი შეეხო ნატოს უელსის სამიტსა და ალიანსის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის სპეციალური პაკეტის გადმოცემის თაობაზე. განიხილეს აღნიშნული გადაწყვეტილების იმპლემენტაციის საკითხები. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების თემებს, ასევე რუსეთთან ურთიერთობის მიმდინარე საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები