აფბა: საწვავის ბაზარზე ფასის 25 თეთრით შემცირების რესურსი არსებობს

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას ეხმიანება.

ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ.

„“აფბა“ მრავალი წელია, მუდმივ რეჟიმში, აკვირდება საწვავის ბაზარზე შექმნილ სიტუაციასა და გლობალურ ენერგეტიკულ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს.
დღეს საქართველოს საწვავის ბაზარზე შექმნილი ვითარება, ნამდვილად არ მოდის თანხვედრაში იმ გლობალურ თუ ადგილობრივ მაკრო პროცესებთან, რომლებიც განსაზღვრავენ საქართველოში საწვავის ფასს, რაც ორგანიზაციას აძლევს საფუძველს, დღეს ქართულ ბაზარზე არსებული საწვავის ფასები მიიჩნიოს, როგორც ხელოვნურად „დაჭერილი“ და გაბერილი საფასო პოლიტიკის შედეგი.
ორგანიზაციის ამ პოზიციას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, ჩვენ თუ დავაკვირდებით გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესებს, დავინახავთ, რომ ბოლო პერიოდში, როგორც ნედლი ნავთობის, ისე პლაცსის ფასები მნიშვნელოვნად მცირდება.
კერძოდ, თვეზე მეტია რაც ნედლი ნავთობის ფასები შემცირებას განაგრძობს. მაგალითად, თუ გასული თვის დასაწყისში ნედლი ნავთობის ფასი 80 დოლარს აღწევდა, დღეს იგივე ტიპის ნავთობის ფასი 70 დოლარამდეა შემცირებული. თუმცა, საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ნავთობის ფასების პერმანენტული კლება უკვე თითქმის 3 თვეა გრძელდება, რაც პლაცსის ფასზეც არაერთგზის არის ასახული.
გარდა გლობალური პროცესებისა, ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემცირებას ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის კურსიც, რომელიც ბოლო 3 თვეში გამყარების ტრენდს აჩვენებს და ბოლო კვირის გაუფასურების მიუხედავადაც, 10 პუნქტით არის გამყარებული სამთვიან ჭრილში.
ამ ფაქტორების ერთობლიობას საწვავის ბაზარზე არსებითი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო და ბაზარზე საწვავის ფასების 15-25 თეთრით შემცირება იყო შესაძლებელი. ამას ცხადჰყოფს სახელმწიფო შესყიდვები, რომლის მიხედვითაც სექტემბრის თვეში სახელმწიფოს ბენზინის შეძენა, საშუალოდ 20 თეთრით გაიაფდა. მხოლოდ დიზელის შემთხვევაში, შემცირება 25 თეთრს აღწევს.
ასე მაგალითად, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, სექტემბრის თვეში ერთი ლიტრი პრემიუმ საწვავის ღირებულება 2.48 ლარია, აგვისტოში კი იგივე ტიპის საწვავი 2.69 ლარი ღირდა (მიმწოდებელი „რომპეტროლ საქართველო“). რეგულარის ტიპის ბენზინის შემთხვევაში სახელმწიფოსთვის საწვავის მიმწოდებელი კომპანია „სოკარია“ და ფასი სექტემბრის თვეში ერთ ლიტრზე 2.46 ლარს არ აღემატება, მაშინ როცა აგვისტოში ეს მაჩვენებელი 2.67 ლარი იყო. ეს ინდიკატორები ნათლად აჩვენებს, რომ კომპანიებს ნამდვილად აქვთ საწვავის შემცირების რესურსი. მით უფრო, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომპანიების ნაწილს ტრანსპორტირების ხარჯებიც გაცილებით შემცირებული აქვთ.
მაგალითად, კომპანია “სოკარი” რომელმაც ქარხნების ევრო 5 სტანდარტზე გადაიარაღების შემდეგ, საწვავის პირდაპირ აზერბაიჯანიდან ტრანსპორტირება დაიწყო, ნაცვლად მესამე ქვეყნებიდან საწვავის შემოტანისა, როგორც ეს გასული თვეების განმავლობაში ხდებოდა და მხოლოდ ამ ფაქტსაც ფასებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო.
ასევე, საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ კომპანია “სოკარის” საქმიანობასთან დაკავშირებით ორგანიზაცია დამატებით კვლევას ამზადებს და უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს ანგარიშს იმის თაობაზე, თუ ქარხნების გადაიარაღებამდე რომელი ქვეყნებიდან ახორციელებდა „სოკარი“ საწვავის იმპორტს და რამდენად იყო ეს ყველაფერი თანხვედრაში საქართველოს კანონმდებლობასთან და როგორ მოქმედებდა ეს ფაქტი საწვავის ფასწარმოქმნაზე“, – ნათქვამია “აფბას” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები