სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები, რომელიც ყოველწლიურად მზარდია და წელს უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია, – ამ სიტყვებით შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს მიმართა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო პირობებისა და სახელმწიფოს მხრიდან მათდამი მხარდაჭერის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.
„როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ამაყი ვარ, რომ ქართული პოლიცია დღეს არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მძლავრი ანალიტიკური სისტემებით, გვაქვს გამართული საკანონმდებლო ბაზა, წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა, საჭიროებებსა და მიმდინარე გამოწვევებზე მორგებული სტრატეგიული ხედვები და დოკუმენტები. სამინისტროს აქვს გამართული ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განახლებული ავტოპარკი და შეიარაღება. პოლიციელებო, სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები, რომელიც ყოველწლიურად მზარდია და წელს უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია. აუცილებელია პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები და სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას და დაფასებას. სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ქართული პოლიცია დაკომპლექტებულია ღირსეული, პროფესიონალი და თავდადებული თანამშრომლებისგან. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში თითოეული თქვენგანის როლი უმნიშვნელოვანესია. პოლიციელებო! კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციის დღეს! ერთობლივი ძალისხმევით, ღირსეული ბრძოლითა და თავდადებით ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის და ასე გავაგრძელებთ! გისურვებთ მშვიდ ქვეყანაში ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და ხალხს!“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.