ვახტანგ გომელაური: პოლიციელებო, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა, ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე გაღებული ღვაწლისთვის

პოლიციელებო, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა,  ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე გაღებული ღვაწლისთვის, თავდაუზოგავი და თავგანწირული შრომისთვის,  კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლისთვის, გათენებული ღამეებისთვის და იმედისთვის, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე გაღებული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

„გილოცავთ პოლიციელის დღეს! ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო მათ, ვინც ამ წუთებშიც ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვარს, საზოგადოებრივ წესრიგს, მოქალაქეების უსაფრთხოებას. იმ პოლიციელებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ამ წუთასაც დაუღალავად მუშაობენ, მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც მოქალაქეების დასახმარებლად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად,  შესაძლოა ახლაც იბრძვიან.  პოლიციელის დღე მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ღირსეულად იდგა პოლიციის რიგებში და ემსახურა საკუთარ ქვეყანას. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ვეტერან პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარა პოლიციელის მუნდირი, იცავდა ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას. მინდა მივულოცო და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა  პოლიციელის ოჯახს, მათ მშობლებს, შვილებს მეუღლეებს. უმნიშვნელოვანესია პოლიციელისთვის თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა. პოლიციელებო, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა,  ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე გაღებული ღვაწლისთვის, თავდაუზოგავი და თავგანწირული შრომისთვის,  კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლისთვის, გათენებული ღამეებისთვის და იმედისთვის. იცოდეთ რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს თქვენი იმედი“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.

„საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გმირობის არაერთ ისტორიას ინახავს. ჩვენ გვყავს თანამედროვე გმირები და სწორედ ახლა, განსაკუთრებული სიამაყით, პატივისცემითა და მადლიერებით მინდა გავიხსენო ყველა ის პოლიციელი, რომელმაც თავი სამშობლოსა და მოქალაქეების დაცვას შესწირა. დიდი მოწიწებით მივმართავ მათ მშობლებს,  თქვენ სამშობლოსთვის თავგანწირული შვილები გაზარდეთ, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. მინდა მივმართო მათ შვილებს, დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობაა გერქვას გმირის შვილი.  მინდა იცოდეთ, რომ მე როგორც პოლიციელი, ისევე როგორც  ამ ქვეყნის ერთი, რიგითი მოქალაქე ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით და ვიამაყებ თქვენი მამებისა და დედების გმირული საქციელით“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები