პოლიცია არის სტანდარტულ რეჟიმში და სამართალდარღვევის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებს, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გარდა კანონის დაცვისა, ამ ეტაპისთვის, პოლიციას არანაირი განკარგულება არ აქვს მიღებული.
„როდესაც აქცია მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში და არ სცდება შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონით დადგენილ ნორმებს, შესაბამისად, პოლიცია არის სტანდარტულ რეჟიმში. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რაიმე სახის სამართალდარღვევა და ძალადობები, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. ამ ეტაპისათვის პოლიცია დგას, არანაირი განკარგულება არ აქვს გარდა ერთისა, დაიცვას კანონი და იმოქმედოს კანონის შესაბამისად, ყველა სამართალდარღვევაზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება.
წინასწარ რაიმე განცხადების გაკეთების საშუალება არ გვაქვს, ვიმყოფებით ქუჩაში და ვმოქმედებთ არსებული რეალობიდან გამომდინარე. პოლიცია ადგილზეა, პროპორციული ძალაა გამოსული და ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.