საპროტესტო აქციების დროს დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი ხუსკივაძემ, საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში დატოვა.

აღნიშნულს დაკავებულების მხარდასაჭერად სასამართლოს ეზოში შეკრებილი საზოგადოების უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

ცნობისთვის, პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას შუამდგომლობდა.
პროკურორები შუამდგომლობაში ასაბუთებდნენ, რომ დაკავებულების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. ამასთან, მათივე განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე საგამოძიებო ვადა გაგრძელდა, ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ბრალდებულებმა კი შესაძლოა, თავისუფლებაში ყოფნის პერიოდში გამოძიებას ხელი შეუშალონ.

ადვოკატებმა აღნიშნულთან დაკავშირებით შუამდგომლობის დაფიქსირება ვერ მოასწრეს, ვინაიდან მათ და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები