ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობაზე“: ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ
„ჩვენ ვართ პირველ რიგში ვალდებულები იმ ასობით ათასი ოჯახის წინაშე, რომლებმაც თავის თავზე გამოცადა ის ჩაგვრა და წამება, რაც იმ რეჟიმმა შემოგვთავაზა. არსებობს უამრავი შეკითხვა, რაზეც ამ რეჟიმს პასუხი აქვს გასაცემი“, -ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ქმედებებს შეისწავლის.
„რატომ აღმოვჩნდით რუსეთთან ომში, რატომ მოაწერეს რეზოლუციას ხელი, სადაც ჩვენ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაულების ჩადენა და ომის დაწყება. რაც 9 წლის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ და ჩვენს თავზე გამოვცადეთ, ყველაფერზე პასუხი უნდა აგონ“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.