ჩრდილი, რომელიც გათბობს…

       როცა მამას იხსენებს, სახე უთბება და დროში იკარგება… მის წარმოსახვაში გაცოცხლებული წარსული იმდენად რეალურია, თვალებში არეკლილი სახება კი იმდენად მატერიალური, შეგიძლია ხელით შეეხო… მერე მოგონება ნელ-ნელა ქრება და იფერფლება, ქეთი დუმბაძე კი ოხვრით უბრუნდება რეალობას… და კიდევ ერთხელ ტკივილით აგონდება, რომ უკვე 30 წელია, მამის პატარა გოგო აღარ არის… 10178267_10202983357331133_613113774_n

– ცნობილი მშობლების შვილები ხშირად ჩივიან საკუთარი მშობლების ჩრდილზე, რომ ძნელია იქიდან გამოსვლა და თავის დამკვიდრება… შენ როგორი დამოკიდებულება გაქვს ამ საკითხზე?
– თავის დამკვიდრება „უჩრდილოდაც“ არ არის ადვილი და ასმაგად რთულია, როცა მშობლის ჩრდილქვეშ გიწევს თვითდამკვიდრება, მაგრამ ჩრდილსაც გააჩნია… ზოგჯერ მშობლის ჩრდილი მხოლოდ შვებისმომგვრელი და საამაყოა… იშვიათად ხდება ასე, მაგრამ მე გამიმართლა… თუმცა, არ დაიჯეროთ, რომ ადვილია – რთულია, ძალიან რთული… მაგრამ მე მამა თავად დამეხმარა მზის ქვეშ საკუთარი ადგილის პოვნაში, არ მომცა საშუალება, არხეინად მოვკალათებულიყავი მის ჩრდილში, დამეხმარა თავისი ცხოვრების წესით, თავისი შემოქმედებით…
– როგორი იყო მამა? გაიხსენეთ მასთან დაკავშირებული ყველაზე ძველი მოგონება…
– 30 წელი გავიდა მამას გარდაცვალებიდან და მაინც, ყველა მოგონება საოცრად ცოცხალი, ფერადი და ხმოვანია… ყველაზე ძველი აფხაზეთს – გულრიფშს უკავშირდება. ფილმის კადრივით ვხედავ, როგორ მიქრის ჩვენი ნაცრისფერი „ვოლგა“ ტრასაზე. საჭესთან მამა ზის, აი, გავიარეთ დრანდა, მარჯვნივ ფოსტა რომ გამოჩნდება, მამა მარცხნივ გაუხვევს, მერე რკინიგზის ლიანდაგის ქვეშ გავივლით, იქ აუცილებლად დიდი გუბე იდგება, მამა გამომხედავს და სიცილით მეტყვის – აბა, თავი დახარე! და მე მორჩილად თავს ვხრი, მანქანა ნელა, გემივით შეცურავს წყალში, მანძილი გუბესა და ხიდს შორის ისე პატარაა, რომ სუნთქვაშეკრული ველოდები, როდის „ამოვყვინთავთ“ გუბიდან. მერე ცოტას გავივლით, მერე ისევ მარცხნივ გავუხვევთ და მოხდება სასწაული – ზღვა ისეთი ლურჯია, ისეთი მშვიდი… მერე ჩვენი მანქანა სლოკინ-სლოკინით გაივლის ზღვისპირა გზას, ახლა ის მარცხნივ მოგვყვება, მამა ყველა ნაცნობ სახლთან „აპიპინებს“, ყველას ესალმება, ხელს უქნევს და უკვე ყველამ იცის, რომ ჩვენ ჩამოვედით. მერე მანქანა ჩვენს სახლთან გაჩერდება, მამა მანქანის კარს მიღებს და მეტყვის: – „მიდი, მამა, ზღვასთან, მიესალმე“… და მე თავქუდმოგლეჯილი გავრბოდი ზღვასთან და ვესალმებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ ესმოდა ჩემი და მთელი წელი მელოდებოდა… აი, ასეთი მამა იყო, ზღვასთან ლაპარაკს მასწავლიდა…
– ნოდარ დუმბაძის ლექსების წყალობით, საქართველოში ყველა მისი შვილიშვილის სახელი იციან, როგორი ბაბუა იყო?
– ალბათ, ყველა ბაბუაზე თბილი… თუმცა ბაბუობა დიდხანს არ დასცალდა, მამა 56 წლის გარდაიცვალა, მაგრამ შვილიშვილები იმდენს ყვებიან, იმდენი რამ ახსოვთ, განსაკუთრებით უფროსს, ნოდარს.
– როგორი იყო მუშაობის პროცესში?10711755_10202983356891122_136580112_n
– მამა, ძირითადად, ღამე მუშაობდა, როცა ყველას გვეძინა. მერე დილას მაგიდაზე გაშლილი ხელნაწერები გვხვდებოდა, რომელსაც არასდროს გვიმალავდა და ჩვენც ვკითხულობდით… მახსოვს, რომ საოცარი რიდი მქონდა მათ მიმართ, არ ვეხებოდი, ამიტომ ასე ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ეპიზოდებად ვკითხულობდი. დღისით მომუშავე მხოლოდ ავადმყოფობის პერიოდებში მინახავს. აი, მაშინ კი ვცდილობდით, „ფეხაკრებით“ გვევლო და ყოველ წუთას არ შეგვეღო მისი სამუშაო ოთახის კარი. თუმცა, ვინ აცლიდა ოთახში მარტო დარჩენას, სადაც ის იყო, ჩვენც იქ ვიყავით, ჩვენი ძაღლიანად…
– გაიხსენეთ ეპიზოდი, როცა მამა პირველად ნახე გაბრაზებული… 
– მამა გაბრაზებული არასდროს მინახავს. შვილებთან არც აუგს იტყოდა ვინმეზე. გულნატკენი რამდენჯერმე ვნახე, ჩაფიქრებული – ბევრჯერ. მტირალიც მინახავს, აქვითინებულიც… ერთხელ, როცა მისი უახლოესი მეგობარი ნოდარ ჩხეიძე დაკარგა, მეორედ, როცა ედიშერ ყიფიანი მოუკვდა. მაშინ მახსოვს, რომ ძალიან შემეშინდა, პირველად ვნახე უმწეო, უსუსური, გაუბედურებული …
– რომელი მწერლებს სცემდა ყველაზე დიდ პატივს?
– ამბობდა რომ რემარკის რომანმა „სამი მეგობარი“ უბიძგა დაეწერა „მე ბებია ილიკო და ილარიონი“ . საყვარელი მწერლები ბევრი ჰყავდა, მათი წიგნები დრო და დრო ჩნდებოდა ჩემს საწერ მაგიდაზე, მას არასდროს დაუძალებია რომელიმე ავტორის წაკითხვა, უბრალოდ მიდებდა მაგიდაზე წიგნებს და მეც ვკითხულობდი… მამას ბიბლიოთეკაში ახლაც ინახება ძველი, გაცრეცილი, მისივე ხელით დაწებებული წიგნი, რომელსაც აწერია: „ჩემი გალაკტიონი“ ყველაფერი, რაც უყვარდა მის ოთახში თაროებზე ეწყო, ახლოს ჰყავდა…
– საკუთარი ნაწარმოებებიდან ყველაზე მეტად რომელი მოსწონდა და, საერთოდ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა საკუთარი შემოქმედების მიმართ?10705253_10202983357051126_682022365_n
-„მე, ბებია ილიკო და ილარიონი“, იმიტომ რომ ეს იყო პირველი რომანი, რომელმაც ამხელა პოპულარობა მოუტანა და მკითხველის სიყვარული აჩუქა. საკუთარ შემოქმედებაზე არ ლაპარაკობდა… აი, თავისი კოლეგა- მეგობრების შემოქმედებით აღფრთოვანება კი გულწრფელად შეეძლო – ურეკავდა, ულოცავდა, აქებდა და ეფერებოდა…
– როგორი დაგამახსოვრდათ იგი, როცა თვალებს ხუჭავთ, როგორს ხედავთ?
– ვხედავ ახალგაზრდას, ჯანმრთელს, მზეზე გარუჯულს, ზღვაში მოცურავეს… ნავში მეზღვაურის ზოლიანი მაისურით და ნიჩბებით ხელში… ვხედავ მოხარხარეს, ხელებგაშლილს, მეგობრებს ამბებს რომ უყვება… კოდორში მუხლებამდე წყალში რომ დგას და ბადეს შლის… სახლში, ტელევიზორის წინ ხელზე თავჩამოდებულს… თავის საწერ მაგიდასთან დიდი ოთხკუთხა სათვალით… სავარძელში გადაშლილი წიგნით, მზეზე მიფიცხებულს… მწერალთა კავშირის კიბეზე, მერე კაბინეტში ტელეფონით ხელში… ხატებთან დაჩოქილს ვხედავ… ვხედავ, როგორი შეყვარებული თვალებით უყურებს დედას… ვხედავ, როგორ ვყავართ მე და მანანა გაგორებული ხალიჩაზე და გულის წასვლამდე გვიღუტუნებს… ვხედავ, როგორ ეფერება და კოცნის ჩვენ ძაღლს…  ვხედავ, სულ ვხედავ… 30 წელი გავიდა და სულ ვხედავ, კადრები არ ხუნდება, არ იცრიცება… და ვხედავ ჭაღარას, ავადმყოფობით დაღლილს: -„ გადი, მამა, არ მიყურო, მე ახლა უნდა მოვკვდე“…
ეს მისი ბოლო სიტყვები იყო…

10668442_10202983356851121_1825835892_n

10705257_10202983356811120_795777797_n

10668434_10202983357251131_590634920_n

10681715_10202983357291132_1969171285_n

10681960_10202983357371134_1737888078_n

10695256_10202983357171129_749409779_n

10699305_10202983357131128_1917808001_n

10706377_10202983357211130_153922532_n

10706536_10202983357491137_1941932419_n

10708282_10202983357451136_691708645_n

10711472_10202983356931123_461833427_n

გიორგი მიქაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები