დაიბადა ქვიშხეთში. ამჟამად ცხოვრობს თბილისში. პროფესიით სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია, თუმცა ამ განხრით არ მუშაობს.
3 წელია, ხელნაკეთი ნივთების დამზადების ნიჭი აღმოაჩინა საკუთარ თავში. ამბობს, რომ მანამდე ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მსგავსი ნამუშევრების კეთება შეეძლო. – შორენა სუთიაშვილის პერსონა.
– მე 90-იანების ბავშვი ვარ, თუმცა ვთვლი, რომ ძალიან საინტერესო და კარგი ბავშვობა მქონდა. ხატვა და ხელოვნება არ მიყვარდა. რატომღაც ჩემს თავს ჩავაგონე, რომ არ მეხერხებოდა და არასოდეს გამომივიდოდა, თუმცა არც კი მიცდია.
ვფიქრობ, ამით ჩემს თავს დავუშავე. ეს საქმე ცოტა ადრე რომ დამეწყო, ალბათ დღეს ბევრად მეტი შესაძლებლობა მექნებოდა ამ სფეროში. ვფიქრობ, არც ახლა არის გვიანი, მაგრამ ბევრი დრო დავკარგე.
– 3 წელია, ხელნაკეთ ნივთებს ამზადებთ…
– 3 წლის წინ მივედი ბიძაშვილთან, რომელიც აწყობდა მსგავს რაღაცებს. ძალიან მომეწონა. ვკითხე, რა მასალებს იყენებდა. ჩამოვედი თბილისში, ვიყიდე ყველაფერი და დავიწყე აწყობა. თავიდან ძალიან მარტივ რაღაცებს ვაკეთებდი. დროთა განმავლობაში უფრო გავაუმჯობესე.
– შთაგონება?
– ბევრჯერ ღამე მეღვიძება და უკვე ვიცი, რა და როგორ უნდა გავაკეთო. მთელი გულით მიყვარს ჩემი ნამუშევრები და სულს და გულს ვაქსოვ მათ.
შთაგონება, ძირითადად, ამინდია. ძალიან მიყვარს წვიმიან და ღრუბლიან ამინდში მუშაობა.
– საახალწლოდ რის დამზადებას აპირებთ?
– საახალწლოდ ძალიან ბევრი იდეა მაქვს. თუმცა ახლა პირველი, რის გაკეთებასაც ვაპირებ, ტილოზე 3D ბროწეულის დამზადებაზე ვფიქრობ. როგორც ამბობენ, ბროწეული ბარაქის და სიყვარულის სიმბოლოა.
– ერთი ნამუშევრის ისტორია…
– ვფიქრობ, საინტერესო, ღამის სანათის ისტორიაა, რომელიც სიზმარში ვნახე და გაღვიძებისთანავე დავიწყე აწყობა. ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც ჩემს სიზმარში ვნახე.
– ჰობი…
– ჰობი – ეს ყველაფერია. ვერ აღგიწერთ, რამხელა სიამოვნებას ვიღებ და როგორ მამშვიდებს ამ ყველაფრის კეთება.
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე და ორი შვილი.
– სამომავლო გეგმები…
– ძალიან მინდა მქონდეს ჩემი პატარა სახელოსნო და მინდა ეპოქსიდზე მუშაობა ვისწავლო.
თამარ შაიშმელაშვილი