სამხატვრო აკადემიის ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. მალევე შეისწავლა ტიხრული მინანქარი.
ამბობს, რომ ბავშვობიდან უყვარს ხატვა. სხვა სფეროში ვერც წარმოუდგენია საკუთარი თავი. განსაკუთრებით უყვარს სახლების ხატვა, მაშინვე ცნობენ მის ხელწერას. იგივე ითქმის ტიხრული მინანქრით დამზადებულ ხელნაკეთ ნიმუშებზე. – ნატალი ზურაბიშვილის პერსონა.
– დასამახსოვრებელი ბავშვობიდან?
– ბავშვობა ძალიან ფერადი მახსოვს, 90-იანი წლების სირთულეების მიუხედავად. მაშინ ჩემთვის საყვარელი ყველა ადამიანი იყო ცოცხალი და ჩემ გვერდით.
ხატვა დავიწყე პატარა ასაკში, პარალელურად კი ვძერწავდი. მამა მოქანდაკეა და მისი სამუშაო პროცესი დიდ გავლენას ახდენდა ჩემზე. თვალს ვადევნებდი, როგორ ქმნიდა ქანდაკებებს.
სკოლა ბევრჯერ შევიცვალე, მაგრამ ამ პროცესმა მრავალი მეგობარი შემძინა.
– სამხატვრო აკადემიის ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრეთ…
– სტუდენტობა სამხატვრო აკადემიაში ძალიან საინტერესო და შემოქმედებითი პერიოდი იყო. ბევრი ახალი რამ ვისწავლე, დავდიოდით პრაქტიკებზე, პეიზაჟების და სხვადასხვა ხედის ხატვა მაძლევდა ახალ იდეებს და შთაგონებას.
აკადემიაში სწავლის პროცესი განსაკუთრებული იყო იმ მხრივაც, რომ გარკვეულწილად ჩამომიყალიბდა მხატვრული ხედვა და ბევრი რამ შევძელი.
– ტიხრული მინანქარი… პარალელურად ხატავდით…
– აკადემიის დამთავრების შემდეგ მალევე დავიწყე მუშაობა ტიხრული მინანქრის ერთ-ერთ სახელოსნოში. ხელოვნების ეს დარგი ჩემთვის უცხო იყო. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომელთა მეშვეობით მოვხვდი ამ გზაზე და ვისთანაც შევისწავლე ამ სფეროს დარგი.
იყო გარკვეული პირობა – თუ გამომივიდოდა, დავრჩებოდი და გავაგრძელებდი მუშაობას.
მახსოვს, პირველად ღვთისმშობლის ხატის გაკეთება ვცადე. კარგად შევძელი, რაც ყველას გაუკვირდა. თუმცა, მაშინ მხოლოდ ნაწილობრივ ვმუშაობდი. ტიხრის აწყობის პროცესი იყო ჩემი, ფერები და დანარჩენი ნაბიჯები სხვებს ევალებოდათ.
დროის განმავლობაში, პრაქტიკული გამოცდილება დამეხმარა ამ ხელოვნების სრულყოფილად შესწავლაში. საბოლოოდ, ტიხრული მინანქრის ყველა ეტაპს თავად დავეუფლე.
– რატომ გიყვართ სახლების ხატვა?
– სახლების ხატვა ბავშვობიდან განსაკუთრებით მიყვარს.ჩემთვის სახლები სიმბოლოა იმ ადგილების, სადაც სიყვარული, სიმშვიდე და ოჯახური სითბო გველის.
ჩემი სახლებით ვცდილობ ზღაპრული და სიხარულით სავსე ელფერი შევძინო ნახატებს და ტიხრული მინანქრის სამკაულებს. განსაკუთრებით მიყვარს პატარა მინიატიურული სახლების ხატვა და ალბათ ამიტომაც მომწონს მინანქარზე მუშაობა, ის ხომ დეტალებზეა ორიენტირებული.
– რატომ მინანქარი?
– მინანქარზე მუშაობისას მიყვარს ფერების და ტექსტურების თამაში, რადგან ეს ტექნიკა საშუალებას იძლევა, თითოეულმა დეტალმა და ყველა ფერმა გამოხატოს ემოციები და იდეები. განსაკუთრებით მიზიდავს პროცესი, როგორიცაა: ფერთა შეზავება, სწორი ტემპერატურისა და დროის ზუსტად გათვლა, რაც საბოლოოდ ქმნის საინტერესო შედეგს.
მინანქარი ძალიან საინტერესოა უნიკალური თვისებებით. თითოეული ნამუშევარი განსხვავებული და განსაკუთრებულია.
– საინტერესო ამბავი…
– მახსოვს ერთ-ერთი საინტერესო შეკვეთა, ერთგულ მომხმარებელს სურვილი გაუჩნდა, რომ ჩემი ნახატების მიხედვით აგვეწყო და გამეკეთებინა რამდენიმე ნაწილად განლაგებული სამაჯური. ორივე მოუთმენლად ველოდით, საბოლოო შედეგი კი ძალიან დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა.
– როგორც ხელოვანს, საკმარისი შემოსავალი თუ გაქვთ?
– ამ ეტაპზე ჩემი საქმიანობა გარკვეულწილად შეზღუდულია, რადგან ამჟამად პატარა შვილი მყავს, რაც ჩემგან საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. თუმცა ვმუშაობ იმაზე, რომ შევძლო აქტიურად ჩავერთო ჩემს შემოქმედებით პროცესში და გავაუმჯობესო შემოსავალი. ჩემი მიზანია, მალე გადავიდე იმ ეტაპზე, როდესაც ჩემი შემოსავალი სრულად დააკმაყოფილებს ოჯახის საჭიროებებს.
– ჰობი…
– ჰობი ბუნების შესწავლა და ახალი ადგილების მონახულებაა, მიყვარს ახალი გარემოებების აღმოჩენა, ბუნების დათვალიერება და ახალი გამოცდილების მიღება.
– ოჯახი…
– რამდენიმე წელია, დავოჯახდი, მყავს მეუღლე და 2 წლის ბიჭი, რომელიც ძალიან აქტიური და ინტერესიანია. ჩემი ოჯახის ყველა წევრი მხარში მიდგას და მეხმარება, როგორც შეუძლიათ. ჩემს საქმიანობაში დიდი წვლილი მიუძღვის მეუღლეს, რომელიც ძალიან მეხმარება, მამარაგებს საჭირო მასალით, უმისოდ გამიჭირდებოდა მუშაობა.
თამარ შაიშმელაშვილი