“ჩამოგდებული რაკეტების მაჩვენებელი იგივე რჩება” – რუსი ოკუპანტების მიერ დღეს გაშვებული 51 რაკეტიდან უკრაინელებმა მხოლოდ 18 ჩამოაგდეს

რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას უკრაინის 4 რეგიონზე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით, როგორიც არის “კინჟალი” და “ისკანდერი”.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა, ხოლო 33-ზე მეტი დაშავდა.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ შეძლეს 8 დრონის და 51 რაკეტიდან 18-ის ჩამოგდება.

მათივე ცნობით, ყველა ჩამოგდებული Kh-101/Kh-555/Kh-55 ფრთოსანი რაკეტაა. 24-ვე მათგანი 11 – Tu-95MS ბომბდამშენიდან იყო გაშვებული.

გარდა ამისა, უკრაინაში გამოყენებული იყო  7 საზენიტო მართვადი რაკეტა S-300/S-400;

4 აერობალისტიკური რაკეტა X-47M2 “კინჟალი”, რომლებიც 4 “მიგ-31კ”-დან იყო გაშვებული;

8 ფრთოსანი რაკეტა Kh-22 და ორი მართვადი საავიაციო რაკეტა Kh-31P;

ყირიმიდან იყო გაშვებული 6 ბალისტიკური რაკეტა “ისკანდერ-მ”.

საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის თქმით, რაკეტების უმეტესობის ფრენა ბალისტიკური ტრაექტორიით მოხდა.

„უნდა გესმოდეს, რომ ასეთი სამიზნეების ჩამოგდება შესაძლებელია მხოლოდ ისეთი საშუალებებით, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ – ისეთი სისტემებით, როგორიც Patriot-ია. ამიტომაც გვაქვს დღეს ასეთი შედეგი. ბევრი ამბობს, რომ ჩამოგდებული რაკეტების პროცენტული რაოდენობა მაღალი არ არის. თუმცა, ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტების მაჩვენებელი იგივეა. მეტი Х-101-ის ჩამოგდებასაც ვისურვებდით, მაგრამ 24-დან 18-იც ცუდი შედეგი არ არის”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები