შალვა პაპუაშვილი რუმინეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუმინეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ტიტუს კორლაცეანსა და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა შალვა პაპუაშვილის მიერ რუმინეთში განხორციელებულ ნაყოფიერ ვიზიტს და ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და რუმინეთის სენატს შორის ხელმოწერილ ერთობლივ დეკლარაციას.
შეხვედრაზე საუბარო შეეხო საქართველო-რუმინეთს შორის ურთიერთობებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სტრატეგიულ პროექტებზე ენერგეტიკის მიმართულებით, როგორებიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. ასევე, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. მან რუმინულ მხარეს საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების პროგრესი გააცნო. ტიტუს კორლაცეანმა დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლისადმი რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა.