შალვა პაპუაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოფიციალური ვიზიტით მყოფ, სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს უმასპინძლა.
პარლამენტის ინფორმაციით, ხაზი გაესვა სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის წელს განხორციელების მნიშვნელობას, რადგან წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სლოვენია საქართველოს დიდი მხარდამჭერია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე, რისთვისაც სლოვენიურ მხარეს მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-სლოვენიის ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს პროგრესს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაში ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის.
გამოხატეს მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაძლიერების მზაობა. ყურადღება გაამახვილეს კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევებზე და გამოთქვეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი. ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩმა განცხადებით, სლოვენია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, ვინაიდან ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავების საუკეთესო გზას. იგი მიესალმა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოს წევრობისადმი სრული მხარდაჭერა დააფიქსირა.