“ამ წუთებში მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დასახმარებლად” – ავთანდილ თალაკვაძე
„ძლიერი წვიმის გამო, ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს“, – ამის შესახებ ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.
თალაკვაძე აღნიშნავს, რომ ამ წუთებში მობილიზებულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური და ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დასახმარებლად.
„ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ასევე, გვაცნობოთ ცხელი ხაზის მეშვეობით: 577 601 304“, – წერს ავთანდილ თალაკვაძე.
შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძლიერი ნალექის შედეგად, გურიისა და აჭარის რეგიონებში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე გურიაში, სხვადასხვა სოფელში 3 პირის, მათ შორის, 2 არასრულწლოვანის მიმართ მიმდინარეობს ძებნის ღონისძიება.