ვახტანგ გომელაური: ამინდი იყო ძალიან ცუდი – თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ ვერტმფრენები, რომ შემოფრენილიყვნენ ხეობაში
“ვერტმფრენები ჩამოვიდა დაახლოებით 3 საათში. ვერტმფრენი არც ველოსიპედია და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე. ამას მომზადება სჭირდება”, – ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება.
მისივე თქმით, ამინდი ცუდი იყო, ამიტომ ვერტმფრენები თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ რომ ხეობაში შეფრენილიყვნენ.
„ამინდი იყო ძალიან ცუდი. თითქმის 2 საათი ღრუბლებს უვლიდნენ, რომ შემოფრენილიყვნენ ხეობაში. მაინც ჩამოვიდა ვერტმფრენი, იმუშავეს – კუნძულზე იყო 70 ადამიანი, გამოიყვანეს უსაფრთხო ადგილას. მეორე მხარეს, ფერდობზე ჩვენი პოლიციელები იყვნენ. დაღამდა. იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხე იყო, აღარ გავრისკეთ. მეორე დღეს გამოვიყვანეთ დანარჩენი ადამიანები.
რაც შეეხება იმას თუ რატომ არ დაფრინავდნენ ვერტმფრენები ღამე – ასჯერ მაქვს ახსნილი. ვინც ერკვევა ავიაციაში, ყველას კარგად ესმის, რომ გვაქვს ჩვენ ღამის ფრენის საშუალებები, შეძენილი გვაქვს, შეგვიძლია ვიფრინოთ. მაგრამ რისკია. ღამე არ არის ისეთი ხედვა. ხეობაა, მთებია, ხეებია. შეიძლება რაღაცას წამოედოს, რაც მოხდა სამწუხაროდ გუდაურში, გამოძიება კიდევ მიმდინარეობს. იქაც გარისკეს პილოტებმა, იმიტომ რომ ადამიანი ცოცხალი იყო და სიცოცხლისთვის იბრძოდა, თუმცა მოხდა უბედურება. შეიძლება იგივე განმეორდეს. როცა ადამიანების უსაფრთხოდ არიან მთაზე, რატომ უნდა გარისკო?“, – განაცხადა გომელაურმა.