„დე ლონგის კაცის“ ნოსტალგია პოლონურად
დავით ადამაშვილი პოლონეთში მცხოვრები წარმატებული ბიზნესმენია. ის აქტიურად მონაწილეობს ქართული დიასპორის ცხოვრებაში და სიხარულით ეხმარება ვარშავაში ჩასულ ქართველებს. ნახევარ ცხოვრებაზე მეტი პოლონეთში გაატარა, სამშობლო ენატრება და ამ მონატრებას ვერაფერს შველის – საქართველო ისეთი აღარ არის, როგორიც მან 35 წლის წინ დატოვა…
– მომიყევით, როგორ დაიწყო თქვენი პოლონური ისტორია?
– ჩემი პოლონური ისტორია, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, პოლონეთში კი არა, ესტონეთში დაიწყო. 1976 წელს ვისვენებდი ნარვას საერთაშორისო ბანაკში, სადაც გავიცანი მომხიბვლელი პოლონელი გოგონა, ჩემი მომავალი მეუღლე. 9 თვეში ვაჟი შეგვეძინა, ვარშავაშია დაბადებული. ვაჟის დაბადების შემდეგ, მშობლებთან ერთად ჩავედი პოლონეთში და ხელი მოვაწერეთ. მერე საქართველოში ჩამოვედით, 1978 წლიდან უკვე მუდმივ საცხოვრებლად გადმოვედით პოლონეთში, მაშინ 24 წლის ვიყავი.
– რამდენად გაგიჭირდათ ადაპტაცია ახალ გარემოში, უცხო მხარეში?
– სხვათა შორის, საერთოდ არ გამჭირვებია. ზოგადად, პოლონელები ძალიან კეთილგანწყობილნი არიან ქართველების მიმართ. პოლონური ენა 3-4 თვეში ავითვისე. საქართველოში პოლიტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის ფაკულტეტი დავამთავრე. პოლონეთში ჩამოსვლისთანავე სიმამრის დახმარებით ბირთვული კვლევების ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა. თუმცა იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირის მოქალაქე ვიყავი, ამ სამსახურის მიტოვება მალევე მომიწია. მაგრამ ბედმა გამიღიმა და ვარშავაში, საბჭოთა საელჩოში გავიცანი შესანიშნავი ადამიანი, ჩვენი თანამემამულე კოტე ციციშვილი, რომელიც იმ პერიოდში პოლონური ყინულის რევიუს არტ-დირექტორი იყო. კოტემ თავისთან წამიყვანა ხმის რეჟისორად.
90 – იანი წლებიდან, როცა პოლონეთი, სოცბანაკის სხვა ქვეყნების მსგავსად, კაპიტალიზმის რელსებზე გადავიდა, პოლონურ-იტალიურ სავაჭრო პალატაში მოვხვდი. იტალიელებთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, 1993 წელს გავიგე, რომ იტალიური კომპანია „დე ლონგი“ პოლონეთში წარმომადგენელს ეძებდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჯერ „დე ლონგის“ წარმომადგენელი გავხდი, მოგვიანებით კი, როცა პოლონეთში კომპანიის ფილიალი გაიხსნა, გენერალურ დირექტორად დავინიშნე და აგერ 23 წელია უკვე ამ თანამდებობაზე ვარ. პოლონეთში ყველა უკვე „დე ლონგის კაცს“ მეძახის (იცინის).
– ორიოდე სიტყვით ამ კომპანიაზეც რომ მოგვიყვეთ, რა სფეროში მოღვაწეობს?
– „დე ლონგი“ საოჯახო ტექნიკის მსოფლიო ბრენდია, რომლის საკუთრებაშია ასევე ცნობილი ბრენდები, მათ შორის „კენვუდი“ და „ბრაუნი“. ჩვენი პროდუქცია მთელი მსოფლიოს მაშტაბით კარგად იყიდება, არის გამონაკლისებიც, რა თქმა უნდა, მათ შორის სამწუხაროდ, საქართველოც.
– დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობთ სწორად მოიქეცით რომ პოლონეთში ცხოვრება აირჩიეთ?
– როგორ გითხრათ, მე რეპრესირებულთა ოჯახიდან ვარ და ბავშვობიდან ალერგია მქონდა კომუნისტებზე, ამიტომ სულ ვოცნებობდი, რომ საბჭოთა კავშირის საზღვრებს გარეთ მეცხოვრა. პოლონეთი შემიყვარდა, აქაურობას ძალიან შევეჩვიე, მაგრამ ნამდვილი მეგობრები, ბოლომდე ჩემები, მარტო საქართველოში მყავს. უცხოეთში სხვა მენტალიტეტია, სხვა ღირებულებები, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან მატერიალისტებად იზრდებიან. ჩვენთან სხვა გაგებაა, სხვა ჩახუტება, აქაურებისთვის ნაკლებად გასაგები. ყველაზე მეტად ალბათ ამასთან შეგუება გამიჭირდა…
– ყველაზე მეტად რა გაკლიათ პოლონეთში?
– იმას, რაც ყველაზე მეტად მაკლია აქ, სამწუხაროდ, საქართველოშიც ვეღარ ვპოულობ… რაღაცნაირად შეიცვალა და გაუცხოვდა ყველაფერი, თბილისიც თითქოს სხვაა… ვიზუალურ მხარეს არ ვგულისხმობ, ლამაზი ფასადები და სისუფთავე კარგია, მაგრამ… რაღაც დაიკარგა თითქოს… ამ დაკარგულის პოვნას მხოლოდ მაშინ ვახერხებ, როცა ჩემს ძველ მეგობრებს ვხვდები… დასავლური კულტურა, მისი ღირებულებები კარგია, მაგრამ, ჩემი აზრით, მთავარია ქართველებმა ქართველობა შეინარჩუნონ და ძალით არ დაემსგავსონ სხვა ერებს, ამით ჩვენ მხოლოდ წავაგებთ…
გიორგი მიქაძე