“პროცენტულად მეტია იმ ადამიანთა მიერ ჩადენილი დანაშაული, რომლებიც სააკაშვილის შეწყალებების აქტით გათავისუფლდნენ“

      ასჯერ რომ ყოფილიყო ამნისტიის აქტისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა, ერთი წამით არ დავფიქრდებოდი, ისე მივცემდი ხმას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გივი თარგამაძის შეკითხვის – “გახშირებული მკვლელობების ფონზე გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას ამნისტიის აქტის მომზადების გამო“.
ბესელიას თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, რომ პროცენტულად მეტია იმ ადამიანთა მიერ ჩადენილი დანაშაული, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის მიერ საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო 10 თვეში “რეკორდული სისწრაფით” განხორციელებული შეწყალებების აქტით გათავისუფლდნენ.
“ასჯერ რომ ყოფილიყო ამის შესაძლებლობა, ერთხელ არ დავფიქრდებოდი, ისე მივცემთ ხმას ამ აქტს, რომლითაც ჩვენ გადავარჩინეთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე, ვინც იმ წლებში თქვენ გადაგირჩათ. ვერ გადაგირჩინეთ 660 ადამიანი, რომელიც ბოლო წლებში გარდაიცვალა და მაინტერესებს, ბატონო გივი, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმ ადამიანებზე, ვინც ციხეში გარდაიცვალა?! მათ შორის ათეულობით ნაწამებ ადამიანზე, რომელმაც ვერ გაუძლო იმ მეთოდებს, რითაც პატიმრებს ციხეებში ეპყრობოდნენ. შემიძლია გავიხსენო თეთრაძის საქმე, ქობალიას საქმე, რომელიც სასტიკად იყო ნაწამები. პარლამენტში საჩივარი საჩივარზე შემოდიოდა, იმ პერიოდში შველას ითხოვდა მისი ადვოკატი და არც ერთ ადამიანს არ გასჩენია სურვილი, დაინტერესებულიყო, რა ხდებოდა. სასტიკად იყო ნაწამები ყოლბაია და შემიძლია ეს საკმაოდ დიდი სია გავაგრძელო… არც ერთი ამ ფაქტის გამოძიება არ მომხდარა და მაინტერესებს ამაზე რომელიმე თქვენგანი გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას? ან იმ ამნისტიის შესახებ, რომელიც წინა პარლამენტში იყო მიღებული და რომელზეც ზარ-ზეიმით გვეუბნებოდნენ, რომ იყო ჰუმანური აქტი. ამ ამნისტიის შედეგად გათავისუფლებულ პირთაგან რომ დანაშაული იყო ჩადენილი, რაც ასევე ბუნებრივი და გარდაუვალია, რომელიმე თქვენგანი თუ იღებს პასუხისმგებლობას?! ან პასუხიმგებლობას იღებს თუ არა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პერსონალური აქტით იმ ადამიანებს რომ იწყალებდა, ვინც გასამართლებულნი იყვნენ უმძიმესი დანაშაულებისთვის, მათ შორის პედოფილიისთვის, ნარკოტოკების გასაღებისა და მკვლელობისთვის”, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები