საქართველოსა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაცია გაიმართა

საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. სამინისტროს ინფორმაციით, ქართული მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობა მიიღეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა დავით ჯალაღანიამ, სამინისტროს დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობების, პოლიტიკური და საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტების წარმომადგენლებმა, ხოლო ყაზახეთის მხრიდან – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბატონმა სამატ ორდაბაევმა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
კონსულტაციებზე განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი, მათ შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხები. მხარეების მიერ ასევე განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხები. გაიცვალა მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონალური ურთიერთობების რიგ აქტუალურ საკითხზე. ხაზი გაესვა ორ სახელმწიფოს შორის შემდგომი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე. კონსულტაციების მსვლელობისას ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიას, როგორც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ეფექტურ მექანიზმს, რომლის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ქ.თბილისში დაიგეგმა. ყაზახურმა მხარემ კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები